LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს პირველად საფლავების კურთხევის ტრადიცია არ სრულდება: საქართველოში ყველა სასაფლაო დაკეტილია

362
BeFunky-collage - 2020-04-20T140530.766

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში უკვე 3 დღეა მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში არსებული ყველა სასაფლაო დაკეტილია. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში, რეგიონებსა და დედაქალაქში სიტუაციის კონტროლს  საპატრულო პოლიცია და თავდაცვის სამინისტრო  ახორციელებს. ყველა სასაფლაოს შესასვლელთან მობილიზებულია სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები. წელს პირველად არ სრულდება საფლავების კურთხევის მართლმადიდებლური ტრადიცია.

 

თბილისი

დღეს დილიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა დიდი რაოდენობა შეინიშნება თბილისის სასაფლაოებთან. ჩაკეტილია მისასვლელი გზები. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, წესრიგის და დადგენილი წესების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. სამართალდამცველები მოქალაქეებს რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

 

ბათუმი

ბათუმში ყველა მუნიციპალურ სასაფლაოსთან ვითარებას სამხედრო პირებთან ერთად, პოლიცია აკონტროლებს. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ქალაქის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებიც. აღდგომის მომდევნო დღეებში საფლავებზე გასვლისგან თავის შეკავებისკენ მრევლს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამაც მოუწოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში აცხადებენ, რომ მოქალაქეების მხრიდან შეზღუდვის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„სამართალდარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა. იყო დაახლოებით ხუთამდე პირი, რომელსაც უნდოდა შესვლა, ავუხსენით ქვეყანაში არსებული ვითარება და დაწესებული შეზღუდვები. ისინი გაგებით მოეკიდნენ და დატოვეს ტერიტორია“, –  განაცხადა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ნოშრევან საგინაძემ.

 

კახეთი

კახეთში სასაფლაოები დაკეტილია და დარღვევის მცდელობები არც გუშინ იყო და არც დღეს არის. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნატორი ავრცელებს. ირაკლი ქადაგისვილის განარტებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ერთეული შეთხვევები ფიქსირდება, თუმცა საერთო ჯამში, გუბერნატორის შეფასებით რეგიონში მშვიდი ვითარებაა.

„მშვიდი ვითარებაა რეგიონში. გამოცხადებული ღონისძიებები რაც არის კარანტინის დაცვასთან დაკავშირებით მოსახლეობა იცავს. ზოგადად ჯარიმები იწერება, რა თქმა უნდა და სამწუხაროდ, ვიღაცები მაინც არღვევენ „კომენდანტის საათის“ ან გადაადგილების წესებს, თუმცა ამის მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მშვიდი ვითარებაა და ეს ერთეული შემთხვევებია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ  რეგიონში ყველა სასაფლაო დაკეტილია და პოლიციასთან ერთად ადგილებზე წესრიგის დაცვას მერიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

„სასაფლაოები დაკეტილია და არც დარღვევის მცდელობები იყო, არც გუშინ და არც დღეს. ტერიტორიას, როგორც პოლიცია, ისე ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები აკონტროლებენ“ – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

იმერეთი

პოლიციასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აკონტროლებენ სასაფლაოებს იმერეთშიც. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მოსახლეობა საფლავზე გასვლისგან თავს იკავებს. ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ მთელი რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, როცა მოქალაქეებმა საფლავზე შესვლა სცადეს. მისი თქმით, მოქალაქეები დაწესებულ შეზღუდვებს გაგებით ეკიდებიან.

„დილიდან ვაკონტროლებთ, რომ სისრულეში იყოს მოყვანილი არსებული აკრძალვები სასაფლაოებზე. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოვიარეთ სასაფლაოები და ვნახეთ სიტუაცია. არ გადიან საფლავებზე, ერთეული შემთხვევები გვაქვს მხოლოდ, რომ იყო შესვლის სურვილი. ეს არის ერთეული შემთხვევები მთელი იმერეთის მასშტაბით და ისიც, დიდად უკმაყოფილება არ გამოუხატავთ, რომ ვერ შევიდნენ, რადგან ყველა წინასწარ იყო გაფრთხილებული“, – აცხადებს შალამბერიძე.

 

რაჭა-ლეჩხუმი

ქვეყანაში არსებული შეზღუდვების ფარგლებში დაკეტილია სასაფლაობი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ადგილზე მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეები სასაფლაოზე გასვლისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს. მისი თქმით, წესების დარღვევის ფაქტს ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია.

„აბსოლუტურად მშვიდი ვითარებაა. გუშინ ტაძრებში ხალხის სიმრავლე არ შეინიშნებოდა. სასაფლაოებზეც არ გადის ხალხი, მაქსიმალურად თავს იკავებენ, ყველა რეკომენდაციას მეტ-ნაკლებად ასრულებენ. ჯერ არ დაფიქსირებულა თავშეყრის ან სასაფლაოზე სუფრის გაშლის ფაქტი, მშვიდი ვითარებაა“, – აცხადებს არჩილ ჯაფარიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთი

მიცვალებულთა ხსენების დღე საფლავებზე გასვლით და ტრადიციის შესრულებით ვერ აღნიშნეს ვერც სამეგრელოში. ადგილზე კონტროლს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ახორციელებენ. ჩაკეტილია ყველა სასაფლაოზე მისასვლელი გზები. მოქალაქეები, რომლებიც ადგილზე მივიდნენ, სამართალდამცველებმა უკა დააბრუნეს და დაწესებული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდეს.

“ფორტუნას” ინფორმაციით, რეგიონში წესების დარღვევის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა, თუმცა სიტუაცია ადგილზე სამართალდამცველებმა მოაგვარეს. მოქალაქეს, რომელიც ახალგაზრდა მეუღლის საფლავზე გასვლას ითხოვდა, პატრულის თანამშრომელმა, 10 წუთში უკან დაბრუნების პირობით დართო შესვლის ნება. შემთხვევა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ სასაფლაოზე მოხდა, “ფორტუნას” აღნიშნულმა მოქალაქემ პირადად მიაწოდა. მისი თქმით, ტერიტორიაზე ძალიან ადრე, დილის 7 საათზე მივიდა და იმ დროს სასაფლაოზე არავინ არ იმყოფებოდა გარდა პატრულის თანამშრომლებისა.

 

ბოლნისი

ბოლნისში, გამკაცრებული საკარანტინო რეჟიმის ფონზე, მოქალაქეები სასაფლაოზე არ გასულან. შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს. მისი ცნობით, სასაფლაოების პერიმეტრის საჰაერო მონიტორინგს დრონის საშუალებით აკონტროლებენ. ჯერჯერობით საკარანტინო რეჟიმის დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

ამ დროისათვის რეგიონის ყველა მუნიციპალური სასაფლაო დაკეტილია.

 

შეგახსენებთ, რომ წელს სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით აკრძალვა 17 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.