LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ძალოსნობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირი აღარ ჩატარდება: ლაშა ტალახაძე

111
68813628-2509319565756784-8223890446510718976-o (1)

როგორ ვარჯიშობენ და რომელი ტურნირებისათვის ემზადებიან ქართველი ძალოსნები, როდისთვის გაიმართება გადადებული საქართველოს ჩემპიონატი და დაიწყო თუ არა ჩაქვში საერთაშორისო სტანდარტების ბაზის მშენებლობა?

„ფორტუნას“ კითხვებს საქართველოს წლის სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის 4 გზის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე პასუხობს.

 

ლაშა, თქვენი წინა სტუმრობის დროს ქვეყანაში ჯერ კიდევ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა და ნაკრებს ვარჯიში ჯერ არ ჰქონდა დაწყებული. ახლა როგორი ვითარებაა გუნდში? რამდენი ხანია დაიწყეთ ვარჯიში და როგორ მიმდინარეობს პროცესი, ხომ არ უჭირთ ბიჭებს ფორმაში შესვლა?

დიახ, ვარჯიში განვაახლეთ და ამ დროისთვისაც შეკრებაზე ვიმყოფებით, შესაბამისად წინსვლაც არის, ვემზადებით საქართველოს ჩემპიონატისთვის. რასაკვირველია საწყენია, რომ წელს ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ, თუმცა საერთაშორისო ტურნირები არ არის და იქ გამოსვლის საშუალება არ გვეძლევა. ვარჯიში კარგია, მაგრამ ტურნირი სულ სხვაა (იცინის). საბედნიეროდ წინ გველის საქართველოს ჩემპიონატი, საბედნიეროდ შიდა შეჯიბრება მაინც ჩატარდება ამხელა პაუზის შემდეგ, რაც ძალიან გასახარია…

სწორედ საქართველოს ჩემპიონატის შესახებ უნდა მეკითხა, ტურნირი ერთხელ უკვე გადაიდო. გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე კიდევ ხომ არ ემუქრება მას საშიშროება?

არა, საბედნიეროდ ეს ტურნირი ჩატარდება, თანაც ძალიან მალე. საქართველოს ჩემპიოანტი ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. პირადად მე სხვა მძიმეწონოსნებთან ერთად 28 ოქტომბერს ვიასპარეზებ. ამ ეტაპზე ნაკრების ყველა წევრი სწორედ ქვეყნის პირველობისთვის ემზადება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ სხვა ტურნირებით წელს განებივრებულნი არ ვართ. ისე გამოვიდა, რომ ძალოსნებმა მთელი წელი მხოლოდ ვარჯიშში გავატარეთ და ამ მხრივ წელს აღარაფერი შეიცვლება.

31 ოქტომბრიდან უნდა გამართულიყო ევროპის ჩემპიონატი, რომელიც სხვა ტურნირების მსგავსად გადაიდო. თქვენი საუბრიდან გამომდინარე მგონი შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს უკვე არცერთი მნიშვნელოვანი ტურნირი აღარ ჩატარდება. ასეა თუ არა ეს?

დიახ, სამწუხაროდ ეს მართლაც ასეა. ყველა მნიშველოვანი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც წლის ბოლო ნაწილში უნდა ჩატარებულიყო გადადებულია. რასაკვირველია ძალოსნებს ამაზე გული გვწყდება, მით უმეტეს მაშინ, როცა ხედავთ როგორ მიმდინარეობს შეჯიბრებები კონტაქტურ სპორტებში. ჩვენი სახეობა მეტოქესთან კონტაქტს არ მოითხოვს და იმედი გვქონდა, რომ ტურნირები გაიმართებოდა, მზად ვიყავით მიგვეღო მკაცრი რეკომენდაციები და შეზღუდვებიც, თუმცა საბოლოოდ ასე გამოვიდა, რას ვიზამთ. ის დაგვრჩნია ვივარჯიშოთ და დაველოდოთ ტურნირების თარიღების დასახელებას, თუმცა როგორც გითხარით, წელს მნიშვნელოვან ტურნირებს არ უნდა ველოდოთ.

ევროპის ჩემპიონატის გამართვა 2021 წელს იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. თქვენი ვარაუდით, მაინც როდის გაიმართება ტურნირი?

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სალიცენზიო ტურნირია უნდა ვივარაუდოთ, რომ ის წლის დასაწყისში ჩატარდება. ზუსტი თარიღი ნამდვილად არ ვიცით. მთავარია ტურნირები მეტად აღარ გადაიდოს, იმედია მომავალ წელს მაინც უკეთესი ვითარება იქნება და ჩატარდება ევროპის ჩემპიონატიც, მსოფლიოს ჩემპიონატიც და რაც მთავარია, ოლიმპიადაც.

მინდა გკითხოთ ჩაქვის დარბაზის შესახებაც, რომლის მშენებლობაც წესით უკვე უნდა დაწყებულიყო. რა ვითარებაა ამ კუთხით? როგორც ცნობილია, ჩაქვში ძალოსნებისათვის საერთაშორისო სტანდარტების ბაზა უნდა აშენდეს…

როგორც ირაკლი თურმანიძისგან ვიცი, დარბაზის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ადგილზე წინასამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარბაზი იქნება ქართველი ძალოსნებისთვის, განსაკუთრებით აჭარის წარმომადგენლებისთვის. აჭარას ძალიან ძლიერი სკოლა აქვს და იქაური ძალოსნებისთვის მნიშვნელოვანი იქნება თანამედროვე სტანდარტების ბაზის ქონა. ირაკლი თურმანიძე და სხვა აჭარელი ძალოსნები ამას ნამდვილად იმსახურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები