LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წელს დამატებით 20 მეტყევე-ტაქსატორი დავასაქმეთ“ – ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო

117
Untitled design

ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ადგილზე გაეცნო.

სააგენტოს ცნობით, ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები, ჯამში, 98 000 ჰა ფართობზე მიმდინარეობს.

სამუშაოებზე ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში მომზადებული 20 მეტყევე-ტაქსატორია დასაქმებული.

ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე მომზადდება ტყის მართვის ათწლიანი გეგმები.

„ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების უწყვეტობისა და ქვეყანაში შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, 45-მდე ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტი გადაამზადა. ამ მიმართულებით სააგენტო მუშაობას აგრძელებს. წელს ინვენტარიზაციის სამუშაოებზე, დამატებით, 20 მეტყევე-ტაქსატორი დავასაქმეთ“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

როგორც სატყეო სააგენტოში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ სატყეო სამეურნეო საქმიანობის სწორად და ეფექტიანად წარმართვისთვის, აუცილებელია ტყის მართვის ათწლიანი გეგმების შემუშავება:

„შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, 2023 წელს, ჯამში, 228 000 ჰა ფართობზე ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები თიანეთის, ყვარლის, თელავის, დედოფლისწყაროს, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.

სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიის და საქართველოს მთავრობების მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება“, – აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები