ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ჩატარებულ რელიგიურ მსახურებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ყველაფერი ორი ათასი წლის წინანდელს დაემსგავსა.
„წელს აღდგომის დღესასწაული ძალიან დაემსგავსა იმას, რაც სინამდვილეში იყო – ორი ათასი წლის წინ, ანუ ოცდაცამეტ წელს.ქრისტე მარტო ლოცულობდა გეთსიმანიის ბაღში (ჩვენ გვეძინა, მოციქულთა მსგავსად), მარტომ განიცადა ტანჯვა და შერისხვა (ჩვენ ვაკვირდებოდით), მარტო ავიდა გოლგოთაზე და ჯვარზე (ჩვენ შორიდან ვადევნებდით თვალყურს).
მაცხოვარი განისვენებს საფლავში, რომლის გარშემო დგანან დარაჯნი და იცავენ დალუქულ საფლავს (ჩვენ განვიფანტეთ). ის აღდგება დახურულ კარს მიღმა (ტაძრებში, რომლის გარშემოც იქნება დარაჯი-პოლიცია). მაშინ აღდგომილი უფალი ჩვენც მოგვევლინება „დახურული კარიდან“, როდესაც ბევრი ჩვენთაგანი, მოციქულთა მსგავსად, ჩვენს სახლებში ვიქნებით დახურულ კარს მიღმა (აღდგომა სახლში).
მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ქრისტიანები ამ წმინდა დღეებში ფიზიკურად ვესწრებოდით მსახურებებს და ვერ ვგრძნობდით რაოდენ მწვავე იყო ღვთის მარტოობა. და საკუთარი თავის მარტოობაც. მაგრამ წელს ასე არ არის.
მაგრამ მე ამ ყველაფერს ვამბობ არა იმიტომ, რომ ყველას მოგიხმოთ და დაგაბრუნოთ ტაძრებში. იქნებ უფალს წელს სურს გვიჩვენოს, სინამდვილეში როგორ მოხდა ეს ყველაფერი? მაშინ ოცდაცამეტ წელს ისე, რომ შევიგრძნოთ,“ – ამბობს მამა სერაფიმე.