საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2 კომპანიის კონცენტრაციაზე ნებარვა გასცა. თემა ეხება წასახემსებელი პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიების – „მონდელიზ ნიდერლანდ სერვისის ბი. ვი.”-სა (Mondelez Nederland Services B.V.) და „ჩიპიტა ინდასთრიალ ქომერშიალ ქომფანი ეს. ეი.”-ს (Chipita Industrial and Commercial Company S.A.) საქართველოს წარმომადგენლობებს შორის დაგეგმილ გაერთიანებას.
წასახემსებელი პროდუქცია მოიცავს ორცხობილებს, შოკოლადს, საღეჭ რეზინს, ტკბილეულობას, ყველს და ფხვნილიან სასმელებს, ბრენდირებული შესაფუთი კრუასანების და სხვა, ძირითადად, გამოცხობილ პურზე დამზადებულ პროდუქციას.
ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პროდუქციის იმპორტის მოცულობა 2020 წელს შეადგენდა – 132 103 805 ლარს, ადგილობრივი წარმოების მოცულობა – 83 469 363 ლარს, ხოლო ექსპორტის – 582 847 ლარს. ბაზრის მთლიანმა მოცულობამ 214 990 321 ლარი შეადგინა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსმა შეადგინა 383.25 ერთეული – რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად, HHI ინდექსი შეადგენს 416.4 ერთეულს, რაც ასევე დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
მიღებული და დამუშავებული მასალების საფუძველზე სააგენტომ დაადგინა, რომ კომპანეიბს შორის დაგეგმილი კონცენტრაცია, „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
„განახლებული კანონმდებლობის თანახმად, სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია – თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის აღემატება 5 მილიონ ლარს. კონცენტრაციის შეფასების საფასური განსაზღვრულია 5000 ლარით. სავალდებულო კონცენტრაციის შეუტყობინებლობა იწვევს კომპანიების დაჯარიმებას ბრუნვის 5%-მდე ოდენობით“, – ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.