LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წარმატებების მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, უნაკლოები არ ვართ და სხვებს უფრო ხშირად უნდა მოვუსმინოთ” – ფორტუნა აკადემია

863
82109269-1007895896245659-5384021614713110528-n

სად გადის თქვენი შინაგანი მორალური და თქვენი კომპანიის სიჯანსაღე, რამდენად სწორი ეთიკური მიმართულება გაქვთ არჩეული – ამ თემებზე“ფორტუნა აკადემიას” “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი ესაუბრა.

“ერთ მშვენიერ საღამოს, სტრატეგიული შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომპანიის თანამშრომლები შედეგების აღსანიშნავად მყუდრო რესტორანში იკრიბებიან. ყველა ფიქრობს, რომ დამღლელი შეხვედრისა და მძიმე კვირის შემდეგ, კარგად მოილხენს. თუმცა, პრობლემა რესტორანში შესვლისთანავე იქმნება, როცა კომპანიის დირექტორი თავიდანვე ითხოვს სხვა მაგიდასთან  გადასვლას. მიმტანი დაჟინებულ მოთხოვნას აუღელვებლად პასუხობს და უხსნის დირექტორს, რომ ყველა სხვა მაგიდა დაკავებულია.

დირექტორი არ ჩერდება და ახლა უკვე  რესტორნის მიღმა მშენებლობას აკრიტიკებს და ხმამაღლა მიუთითებს მიმტანს მომსახურების ხარისხის შეუსაბამობაზე. ხოლო მისი წასვლის შემდეგ, მაგიდის ერთ-ერთი წევრი მიმტანის პროფესიულ უნარებსა და გარეგნობაზე იწყებს ხუმრობას, რასაც მაგიდაზე ხორხოცი და დამცინავი ფრაზების კასკადი მოყვება. ყველაზე მეტად დირექტორი აქტიურობს, რომელიც წვეულების ბოლომდე მიმტანს უხამსი ეპითეტებით ამკობს.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს სიტუაცია საქართველოში არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, ეს კონკრეტული. მას დანიელი ფსიქოლოგი და მწერალი, მერით უედელ-უედელსბორგი თავის წიგნში აღწერს.

გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ, რამდენი თქვენგანი შესწრებია ასეთ სიტუაციას? რამდენი თქვენგანი თავად ყოფილა წვეულების მონაწილე, სადაც ასეთი, მე ვიტყოდი ტრაგიკული, სცენა გათამაშებულა? როგორ მოიქეცით თქვენ? მიანიშნეთ ხელმძღვანელს, რომ არ ამართლებთ მის ქცევას, თუ გაჩუმდით და გემრიელად შეექეცით კერძებს?

რთული თემაა. არ არის მარტივი, და მთლიანად დამოკიდებულია ჩვენი კომპანიისა და საკუთრივ ჩვენი შინაგანი მორალური კომპასის სიჯანსაღეზე – რამდენად მწყობრშია ის და რამდენად სწორ ეთიკურ მიმართულებას უჩვენებს.

პრობლემის აღწერისას, მერით უედელ-უედელსბორგი სამ ფსიქოლოგიურ მახასიათებელს გამოყოფს, რომლის გამოც ეთიკური ქცევის საზღვრების დარღვევა ხდება.

პირველ რიგში, ეს ყოვლისშემძლეობის განცდაა, როდესაც ადამიანი (ხელმძღვანელი) ფიქრობს, რომ ისეთი ძალაუფლებით არის აღჭურვილი, რომ ქცევის წესები მას აღარ ეხება და თავად არის ახალი ნორმების ფუძემდებელი. მეორე, კულტურულ სიმუნჯეა, როდესაც გარემოცვა/გუნდი ახალისებს „მეამბოხე“ ხელმძღვანელს და იღებს ქცევის წესების დადაბლებულ ნორმას. და ბოლოს, მესამე, უმოქმედობის გამართლებაა, როდესაც ადამიანები არ საუბრობენ ეთიკის დარღვევაზე, მოკლევადიანი სარგებლისა თუ ძალაუფლების მქონეთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

ჩემი აივნის წინ კეთილმოუწყობელი ტერიტორიაა, რომელიც ჩვენი კორპუსების ნორმატიული კოეფიციენტების გამო თავისუფალ სივრცედ დარჩა. უბანში სასტუმრო ბიზნესის ბუმია და ხშირად სამშენებლო ნარჩენებს აქ ყრიან. რის გამოც სივრცე, სადაც ბევრი ხე და სიმწვანეა, უკვე სამშენებლო ნარჩენების მოედნად გადაიქცა. ამ არცთუ სახარბიელო პეიზაჟს, პერიოდულად ახალი ექსპონატები ემატება და ჩემი მოთმინების ფიალაც ამოწურვაზეა. წელიწადში რამდენჯერმე მერიის დასუფთავების სამსახური მოდის და ასუფთავებს ახლადშექმნილი სასტუმროებისა და ჰოსტელების სარემონტო ნარჩენებისგან ტერიტორიას. სანიტარულ დალაგებებს შორის ინტერვალი, ისევ დანაგვიანების აღკვეთაზე ფიქრს, სჯა-ბაასსა და დისკუსიას მიაქვს. ვერასოდეს, დამერწმუნეთ ვერასოდეს, ერთი შემთხვევის გარდა, ვერ მოვახერხეთ კონკრეტული „დამნაშავის“ გამოჭერა.

ერთ დღეს, დილის სამ საათზე მეზობლად მდებარე სასტუმროდან რამდენიმე ტომარა ნარჩენი გამოიტანეს და კოხტად დაალაგეს ტერიტორიაზე. არ დამეზარა და ჩავაკითხე სასტუმროში. მითითების შემდეგ, სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის გაკვირვებული მეპატრონეები, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ, რატომ უნდა გაეტანათ დაყრილი სამშენებლო ნარჩენი.

მათ გარდა  სასტუმროს მისაღებში კიდევ ორი თანამშრომელი იყო: ერთი კულტურული სიმუნჯის კლასიკური მაგალითი, დისკუსიის პერიოდში ყოვლისშემძლე მასპინძლების შეუფარავი მხარდაჭერითა და შეფარული გესლიანი ფრაზებით გამოირჩეოდა, მეორე კი – სევდიანი თვალებით, უტყვი და სახეზე უხერხული ღიმილით.

ორი დღის შემდეგ ნარჩენები გაიტანეს.

ვერ გეტყვით, რამ იმოქმედა: ჩემმა მოულოდნელმა სტუმრობამ, სინდისის ქეჯნამ, თუ მეზობელ ქიმწმენდაში (რომელიც გამოყენებულ წყალს პირდაპირ ქუჩაში უშვებდა) მერიის სპეციალური სამსახურის ვიზიტმა.

ფაქტია, რომ გაიტანეს.

მას შემდეგ აივანზე 2 საფერფლე მაქვს.

შინაგან მორალურ კომპასს ხშირად ჭირდება სიმწყობრის მოსინჯვა და ისეთი ადამიანების გუნდად შემოკრება, რომლებიც დაუფარავად გეტყვიან სიმართლეს და ყოვლისშემძლეობის მითს გაგიფანტავენ.

ამ მახეებიდან თავის არიდებაც შესაძლებლია, თუ განსაკუთრებული წარმატებების მიუხედავად, ვაღიარებთ, რომ უნაკლოები არ ვართ და სხვებს უფრო ხშირად მოვუსმენთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები