LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წადით “ქათმებო”, “ფარშავანგებო” – მორიგი დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

123
FORTUNA.GE (6)

დღეს ხმაური იყო ჭყონდიდის ეპარქიაში. ბალდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილთან  დაპირისპირებულმა სასულიერო პირებმა ეკლესიის კარები ჩაკეტეს.

ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა ადგილზე მოსული მიტროპოლიტის მხარდამჭერი მრევლი და მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები.

ბალდის ტაძარში მისულ ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირები, შეძახილებით – “მონა”, “მონა” დახვდნენ.  ისმოდა შეძახილები “წადით მამათმავალი პატრიარქის მხარდამჭერებო”, “ქათმებო”, “ფარშავანგებო”.

დაძაბულობა პოლიციის დახმარებით განიმუხტა.

მრევლი, მათ შორის საპატრიარქოს ჩოხოსნები ითხოვდნენ ტაძრის გაღებას, რათა მეუფეს ეკლესია ღია დახვედროდა და წირვა-ლოცვის ჩატარების საშუალება მისცემოდა. თავის მხრივ, მათ მოთხოვნას უარით პასუხობდნენ  “ამბოხებული” სასულიერო პირები.

საბოლოოდ მარტვილში, მრევლმა ბალდის ტაძრის გვერდითა შესასვლელი კარის გაღება შეძლო. ამ დროისთვის ბალდის ტაძარში წირვისთვის ემზადებიან.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცველები.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავას საპატრიარქომ დასაჯა და მღვდელმთავრობა აღუკვეთა.

პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ მიტროპოლიტ სტეფანეს, სანამ არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა – საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მიმართ პეტრე ცაავას ბრალდებები, ჰომოსექსუალური კავშირებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ.

საპატრიარქო სინოდის სხდომაზე „ცრუ ბრალდების“ განხილვაზე უარს ამბობს და ყოფილი მიტროპოლიტის მხარდამჭერ ბერებს „ცრუ პეტრეს“ მომხრეებს უწოდებს.