„ვუთხარი, შენ ნაცვლად შენი ძმა რომ შემხვედროდა, პანღურს ვუთავაზებდი იმ სიტყვების გამო, რაც მან ქართველ ხალხს აკადრა-მეთქი, რამდენიმე ნაბიჯი, რომ გაიარა, მობრუნდა და შევაგინე“, – აღნიშნულის შესახებ სასამართლო პროცესზე დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულმა, ირაკლი ხომასურიძემ განაცხადა.
დაკავებულის თქმით, მასზე პირველმა თავად ბერძენიშვილმა იძალადა და ხელი მოუქნია.
„ქაშვეთის წინ ვიყავი, გამოიარეს ბერძენიშვილმა და სამნიძემ. გამახსენდა მისი ბედოვლათი ძმის განცხადებები. შევხვდი მას და მივმართე ორივეს: თქვენ არასწორი ადამიანები ხართ, მიკერძოებულები ხართ-მეთქი. ბერძენიშვილი და მთლიანად ოპოზიცია ქვეყნის მტრები არიან.
ბოლოს ასე დამთავრდა ჩვენი ამბავი, არ მოეწონა ის საკითხი, რომ პარლამენტში საშვის დაშვება ვთხოვე, ვუთხარი, შენ მაგივრად, შენი ძმა რომ შემხვედროდა, პანღურს ვუთავაზებდი იმ სიტყვების გამო, რაც მან ქართველ ხალხს აკადრა-მეთქი, რამდენიმე ნაბიჯი რომ გაიარა მობრუნდა და შევაგინე.
შენ მეორე თვალიც უნდა ამოგთხაროს კაცმაო, ისტერიკაში იყო, ავადმყოფია, ხელი მომიქნია და მეც მოვუქნიე. მან მომიქნია პირველი ხელი, საშიშია, ის დეპუტატია.“– განაცხადა ხომასურიძემ.
მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მას შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ კორექტულად ესაუბრა. „მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ყველაზე გაბრაზებული ხართ.“– მიმართა მას მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშიში ვარ. საშიში თვითონ იყო.“
მოსამართლემ ირაკლი ხომასურიძე დარბაზიდან გააძევა და განუმარტა, რომ სასამართლო პოლიტიკური ტრიბუნა არ არის. ცნობისთვის, ბერძენიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხომასურიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.
შემთხვევა 6 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილსა და პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს.