“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ეხმიანება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სახლახო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა “ფეიკია”.
სამნიძე კობახიძეს მიმართავს და სთხოვს, დადონ სხვა ექიმებმა დასკვნა, სადაც დაწერილი და ხელმოწერილი იქნება ის პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცულია:
“ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლებაში არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვერ ეგუება, არ შეუძლია და გადადის მუქარებზე, როცა საკუთარი პოზიციისგან განსხვავებული პოზიციები ესმის. გასაგებია, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი გახდა თავდასხმის ობიექტი ხელისუფლების მხრიდან, რადგან ობიექტურ განცხადებებს აკეთებს და აღგვიწერს როგორია ობიექტური რეალობა, რომელიც უკავშირდება პატიმარ სააკაშვილს.
ექიმების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნა არის პროფესიული და ეს არ შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, თუ რა მოხდება მომავალში, მათი რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში, თუ ჩვენ პასუხს მოვთხოვთ ამ ექიმებს, მათი პასუხისმგებლობა დადასტურებულია ხელმოწერით დასკვნაზე, რომელიც წარმოადგინეს. მაშინ მე ვთხოვდი ირაკლი კობახიძეს – რომელიც ამბობს, რომ ეს არის “ფეიკი” – დადონ სხვა ექიმებმა დასკვნა, სადაც დაწერილი და ხელმოწერილი იქნება ის პოზიცია, რომელიც გვესმის თავად კობახიძისგან, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცულია.” – განაცხადა სამნიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა “ფეიკია”:
“ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან, არამედ შიმშილობის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით – ეს რომ არ გააკეთა, მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოების, ანუ ე.წ. კონსილიუმმა გააკეთა, იმთავითვე “ფეიკია.” – განაცხადა კობახიძემ.