„ლელოს” ერთ-ერთი წევრი, სოფიო შამანიდი მიიჩნევს, რომ ბუკნარში მომხდარი ფაქტი პირდაპირ „ქართული ოცნების” მართვის მახინჯ ფორმებზე მიუთითებს და რელიგიის საკითხთა სააგენტოს არსებობას ეჭვქვეშ აყენებს. ბუკნარში განვითარებულ მოვლენებზე “ლელოს” წარმომადგენელმა ბრიფინგი გამართა და “ქართულ ოცნებას” მოუწოდა დაუყოვნებლივ გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხა.
შამანიდის თქმით, გუშინ, ჩოხატაურში განვითარებული მოვლენები იმის შედეგია, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა, რომელსაც ადგილი წარსულში ჰქონდა, არ იყო გამოძიებული და რაც მთავარია, გაანალიზებული.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ არ გამოიძია მოხეს, ჭელას, ნიგვზიანის, სამთაწყაროს ინციდენტები და რაც მთავარია არ იყო გაანალიზებული ის პრობლემა, თუ რატომ ხდება ჩვენთან ასეთი ფაქტები.
გურიაში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ უთანხმოებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა: დაკავებულია ერთი პირი
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათი მუსლიმებთან უთანხმოება ლოცვის გამო არ დაწყებულა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სოფელში მეჩეთის არსებობას არ დაუშვებენ.
“რატომ არ იქნა გამოძიებული?! იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” არ სურს მსგავს ინციდენტებზე რეაგირება და მხოლოდ პრობლემის მიჩქმალვას ცდილობს . რატომ არ იყო გაანალიზებული?! იმიტომ, რომ ის სტრუქტურა, რომელიც თითქოს და ამას უნდა აკეთებდეს, სუს-ის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. ვშიშობ, რომ მათ არ აქვთ ანალიზის უნარი, უმცირესობებს ქვეყნის უსაფრთხოების ჭრილში აღიქვამენ და ეს რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავის ერთ-ერთ ანგარიშში აქვს ნათქვამი.
“მოვუწოდებ „ქართული ოცნების” მთავრობას პირველ რიგში, მყისიერად, დაუყოვნებლივ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ თავიდან ააცილოს მოსახლეობას დაპირისპირება, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას, ამასთანავე, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება, მისცეს ადამიანებს შესაძლებლობა აღასრულონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები. “ქართული ოცნების” უმოქმედობა ახალისებს აგრესიას, დაპირისპირებას და ქმნის მომავალში მსგავსი ფაქტების გამეორების საშიშროებას”. – განაცხადა სოფიო შამანიდმა.