თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის დასრულების შემდეგ, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავა.
მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, რაც დაკავების მიზეზი გახდა. მანდატურის სამსახურის განცხადებითვე, ბექა წიქარიშვილმა და თორნიკე ბზიავამ საქალაქო სასამართლოს კარს დაკავებამდე აგური ესროლეს.
“ფორტუნა” ბახალას მეგობარს მსახიობ კახა კინწურაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მანდატურის სამსახურმა, თორნიკე ბზიავა ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააკავა.
კახა კინწურაშვილს, ასევე არ დაუნახავს ვინმეს მიერ აგურის სროლის ფაქტი.
“განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს ეზოში ვიდექით. მანდატურმა ტერიტორიის დატოვებისკენ მოგვიწოდა და დავემორჩილეთ მას. შემდეგ, უკვე სასამართლოს ტერიტორიის გარეთ ვიდექით მე და თორნიკე ყოველგვარი აღელვების გარეშე ვსაუბრობდით. მოვიდნენ სამსახურის წარმომადგენლები და ძალისმიერი მეთოდებით წაიყვანეს თორნიკე. ბექა თორნიკეს შემდეგ გადაიყვანეს, თუმცა რატომ არ ვიცი.
მე არ დამინახავს აგურის სროლის ფაქტი, თორნიკე ჩემთან ერთად იყო და ამას ფიზიკურად ვერ გააკეთებდა”, – განაცხადა კინწურაშვილმა “ფორტუნასთან” საუბრისას.
კინწურაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გიორგის უდანაშაულობა დამტკიცდეს.
“მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაზე მოხდეს ამხელა განაჩენის გამოტანა, მინიმუმ უსამართლოა”, – განაცხადა კინწურაშვილმა.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს მოსამართლე შორენა გუნცაძემ ცოტა ხნის წინ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს საქალაქო სასამართლოს ეზოში ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა.