აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ეხმიანება აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას.
ტრაგედია აშშ-ში – სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
“ბავშვებო, ერთმანეთის დაცინვა, რა გინდა რა მიზეზით, ერთმანეთზე ძალადობა ნებისმიერი მოტივით, საკუთარი თავის სხვაზე აღმატებულად წარმოდგენა სოციალური, ეკონომიური ან გარეგნული პრივილეგიით არის უკიდურესი სიმდაბლე.
როცა სხვას დასცინით სინამდვილეში თვითონ ხართ სულელის როლში. სხვაზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ბულინგით საკუთარ თავზე ყვებით უსაზიზღრეს ისტორიას.
რა შორსაც არ უნდა გაიჭრათ წინ, კარიერულ-ფინანსურად, თუ სულიერ არსებებზე ძალადობთ, არარაობები ხართ. ასეთი არარაობები ვერასდროს ვერაფერს ქმნიან ღირებულს.
ნურასდროს იძალადებთ სულიერ არსებებზე. როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ, წარმოსახვაში როლები გაუცვალეთ და წარმოიდგინეთ რას იგრძნობდით მათ ადგილას.
ადამიანები ველურ მტაცებლებად არ იბადებიან. ისინი ერთმანეთს ქმნიან ასეთებად.
უკვე ვრცელდება პირველი ცნობები იმის თაობაზე, რომ ტეხასში მომხდარი ტრაგედიის შემოქმედი თვითონ არაერთხელ გამხდარა თანაკლასელებისგან ჩაგვრის ობიექტი. თქვენ ბადებთ ერთმანეთში ველურ მტაცებლებს. ბოლო ბოლო თქვენ თვითონვე შეიძლება აღმოჩნდეთ სასიკვდილო საფრთხის წინაშე.
ბავშვებო, ნუ გაიხდით ძალადობას ცხოვრებისეულ რუტინად!”, – წერს ნანა გეგეჭკორი.
ცნობისთვის, სკოლის შენობაში ცეცხლი გახსნა 18 წლის ადგილობრივმა მკვიდრმა, სალვადორ რამოსმა. თავდამსხმელი სკოლაში გამოძახებულმა პოლიციელებმა მოკლეს. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელსაც ტრაგედიის შესახებ აცნობეს თვითმფრინავში, რომლითაც აზიური ტურნედან ბრუნდებოდა, თქვა რომ ბავშვის დაკარგვა საკუთარი სულის ნაწილის დაკარგვას ნიშნავს და ეს არის გრძნობა, რომელიც გახრჩობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა, რომ დროა იმოქმედონ და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ, ვინც იარაღის თავისუფლად ფლობას ლობირებს.