LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვოლტის” კურიერებმა აპლიკაცია გათიშეს და უწყვეტი პროტესტის გადაწყვეტილება მიიღეს

140
ვოლტი

„ვოლტის” კურიერებმა, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აპლიკაციის გათიშვისა და პროტესტის უწყვეტობის გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ გადაწყვეტილება მათ ერთობლივად, კურიერთა კონფერენციაზე მიიღეს.

მათი მოთხოვნებია:

  • ანაზღაურების ზრდა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • შეკვეთების რეალური მანძილების დაფიქსირება;
  • კოლექტიური შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასთან.
  • კურიერთა მათი მოთხოვნაა – საბაზისო ტარიფის 3.50 ლარამდე გაზრდა და კილომეტრის ანაზღაურება 70 თეთრამდე. ახლანდელი საბაზისო ტარიფი შეადგენს 2.50 ლარს, ხოლო კილომეტრის ანაზღაურება 50 თეთრს.

უწყვეტი პროტესტის გადაწყვეტილების შესახებ კურიერები დღეს ქალაქის სხვადასხვა წერტილში მსვლელობას აპირებენ -„რათა ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია და გავაგებინოთ ყველა კურიერს, ვისაც აქამდე ხმა ვერ მივაწვდინეთ”.

კურიერები უკვე 2 თვეზე მეტია, ამ მოთხოვნებით აქციებს პერიოდულად მართავენ.

კურიერების მიერ აპლიკაციის გათიშვასა და უწყვეტ პროტესტთან დაკავშირებით დღესვე განცხადება გაავრცელა Wolt- მა.

განცხადებაში განმარტებულია, რომ კურიერები არიან მიტანის სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმეები, პარტნიორები და  არ არიან „ვოლტ საქართველოს“ თანამშრომლები. მათი თქმით, კურიერებთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება და ამ თანამშრომლობას არ არეგულირებს შრომის კოდექსი. Wolt-ის მტკიცებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ „პარტნიორი კურიერების აბსოლუტური უმრავლესობისათვის პარტნიორობის ფორმატი სასურველია.“

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვოლტის საქართველოში ოპერირების განმავლობაში, არც ერთი პარტნიორი კურიერი არ დაგვიბლოკავს რომელიმე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. მათთან ხელშეკრულებას ვწყვეტდით მხოლოდ ისეთი უხეში დარღვევების გამო, როგორიცაა მომხმარებლისთვის, ან სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის მიყენებული შეურაცხყოფა, აქტიურობის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში, და ა.შ. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

თუმცა, გამოხატვის თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს სხვისი თავისუფლების შეზღუდვაში. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა. კერძოდ, საპროტესტო აქციების შემდეგ, აქციის მონაწილეები ირკიბებოდნენ სავაჭრო ობიექტებთან, ავიწროვებდნენ, ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ იმ პარტნიორ კურიერებს, რომლებიც მათ აზრს არ იზიარებდნენ. არსებობს ამ ყველაფრის დამადასტურებელი ვიდეომასალაც. ასევე, მივიღეთ არაერთი შეტყობინება როგორც პარტნიორი კურიერებისგან, ისე – სავაჭრო ობიექტებისგან. გვატყობინებდნენ, რომ აქციის მონაწილეები გზას უღობავდნენ პარტნიორ კურიერებს, არ აძლევდნენ შეკვეთის აღების საშუალებას, უკეტავდნენ ტრანსპორტს, აყენებდნენ სიტყვიერ, თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას. პროტესტის ეს ფორმა გარდა იმისა, რომ მიუღებელია, კანონდარღვევაცაა.

როგორც იცით, ამ წუთებშიც, აქციის მონაწილეები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა სავაჭრო ობიექტთან და ატარებენ ე.წ. “საინფორმაციო კამპანიას”. ასევე, გეგმავენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის პიკეტირებას, იმ პარტნიორი კურიერების სიების გამოქვეყნებას, ვინც მხარს არ უჭერს, ცრუ შეკვეთების განთავსებას და სხვა მსგავს აგრესიულ და უკანონო ქმედებებს. მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ ამჯერად მაინც დაიცვან კანონი და არ შეუშალონ ხელი აქტიურ პარტნიორ კურიერებს მუშაობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვოლტი გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას პარტნიორების დასაცავად.

ჩვენ უკვე რამდენჯერმე გავუგზავნეთ შეტყობინება უკლებლივ ყველა პარტნიორ კურიერს. განვმარტეთ, რომ ყველას აქვს საპროტესტო აქციის გამართვის უფლება და მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდენოდნენ კანონის ჩარჩოებს. სწორედ ეს შეტყობინება აღიქვეს მათ მუქარად, დისკრიმინაციად და ანტიკონსტიტუციურ დევნად. ხელშეკრულებას შევუწყვეტთ ყველა იმ პარტნიორ კურიერს, რომელიც დაარღვევს კანონს, ზეწოლას მოახდენს სხვა პარტნიორ კურიერებზე და მიაყენებს შეურაცხყოფას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, რათა სრულყოფილად დავიცვათ ჩვენი პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება.“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები