LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი

77
ჰარცელი ვოლსკი

„ქართული ოცნება“ რომ არა, არც მოსახლეობის 85 პროცენტი ეყოლებოდა მხარდამჭერი ევროინტეგრაციას, რადგან ხელისუფლება გადმოვიბარეთ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც რეალურად, ადამიანებს კლავდა, მათ ღირსებას და ქონებას ართმევდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადება, სადაც ის ამბობს: „ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და თბილისში ჩვენი საელჩო მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს ქართველი მოქალაქეების გადაყვანას ამ მიზნიდან“.

ვოლსკის თქმით, უმრავლესობიდან არავინ დაუშვებს დასავლური კურსიდან გადახვევას.

„ხელისუფლების არათუ ნაწილი, არამედ არც ერთი ადამიანი არ არის იმის ღირსი, ისეთი რამე დააბრალო, რასაც ჰქვია საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციის არათუ დაფიქსირება, არამედ რეალიზაცია. რომ არა „ქართული ოცნება“, არც მოსახლეობის 85 პროცენტი ეყოლებოდა მხარდამჭერი ევროინტეგრაციას, რადგან ხელისუფლება გადმოვიბარეთ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც რეალურად, ადამიანებს კლავდა, მათ ღირსებას და ქონებას ართმევდა. არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს დასავლური კურსიდან გადახვევას და სამწუხაროა, რომ ნედ პრაისმა ასეთი განცხადება გააკეთა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ ასევე შეაფასა კელი დეგნანთან დაკავშირებით ნედ პრაისის განცხადება. ვოლსკის თქმით, არც ერთი ქვეყანა უყურადღებოდ არ დატოვებდა, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩი ან საელჩო მიუთითებდეს მოსამართლეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება-არმიღებაზე.

„რაც შეეხება მოსამართლის თემას, რაზედაც იყო საუბარი, არც ერთი ქვეყანა, მათ შორის არც საქართველო და არც ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, უყურადღებოდ არ დატოვებდა იმას, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩი ან საელჩო მიუთითებდეს მოსამართლეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე ან არმიღებაზე. ეს თემა ჯერ ისევ ღიაა და შესაბამისი განცხადებები გაკეთდება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი და თავის განცხადებაში ამაზე მინიშნება არაერთხელ გააკეთა.

„ჰარცელს რაც შეეხება, ინფორმაცია, რომელიც ევროსტრუქტურიდან ევროკავშირში მიდიოდა, არ წარმოადგენს იმ რეალობის აღწერას, რომელიც საქართველოში ვითარდება. ათასი არგუმენტი არსებობს იმის, რითაც შემიძლია, დავადასტურო, რომ საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი და თავის განცხადებაში ამაზე მინიშნება არაერთხელ გააკეთა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები