ოლიგარქები არიან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ბოროტად სარგებლობენ, ბიძინა ივანიშვილის ფულადი რესურსები კი დახარჯულია და დახარჯული იქნება საქართველოს ხვალინდელი დღისთვის, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისთვის, ჯოზეფ ბორელისთვის მიწერილ წერილს.
წერილში, რომელიც ევროპარლამენტარმა საკუთარ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა, ფოტიგა ბორელს კითხვით მიმართავს: შეესაბამება თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს გაწევრიანების პროცესში. ამასთან, ანა ფოტიგა წერილში საუბრობს, მოლდოვის მაგალითზე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და მიმართავს ბორელს, „იზიარებს თუ არა საერთო მოსაზრებას, რომ რუსეთთან კავშირებით ცნობილი ქართველი ოლიგარქისთვის პირადი სანქციების დაწესება მსგავს პოზიტიურ ეფექტს მოიტანს?“
ვოლსკის თქმით, ანა ფოტიგამ არ იცის და ალბათ ვერც გაიგებს, რა განსხვავებაა იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ის უწოდებს ოლიგარქებს და ვინც არის ქველმოქმედი, ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი.
„ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქები არიან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ბოროტად სარგებლობენ, ბიძინა ივანიშვილის ფულადი რესურსები კი დახარჯულია და დახარჯული იქნება საქართველოს ხვალინდელი დღისთვის – კულტურული მემკვიდრეობიდან დაწყებული, ჯანდაცვის, განათლების, თუ გარემოს დაცვის სისტემით.
ეს არის განსხვავება, რომელიც არ იცის ანა ფოტიგამ და ალბათ, ვერც გაიგებს, რა განსხვავებაა იმ ადამიანებს შორის, რომელსაც ის უწოდებს ოლიგარქებს და მათ შორის, ვინც არის ქველმოქმედი და თავისი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.