„არ შეიძლება ოპოზიციონერის მეუღლე მუშაობდეს იქ, სადაც მას ხელი მიუწვდება საიდუმლო ინფორმაციაზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის, ნატა ქორიძის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, მას ჰგონია, რომ ზურაბ ჯაფარიძე ყოველდღიურად ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და ამიტომ არ შეიძლება მეუღლე საიდუმლო ინფორმაციას უზიარებდეს.
„ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს - მოტივი არის ცალსახად პოლიტიკური“: ჯაფარიძე მეუღლის საგარეო უწყებიდან გაშვებაზე
„2013-ში და 2017-ში გავაჩინეთ ბავშვები და ამის გამო ვერ გაუშვეს, მერე პანდემია იყო და ერთი წელი ამან წაიღო. როგორც კი მიეცათ შესაძლებლობა, გაუშვეს.“
„მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რასაკვირველია იგი არ შეიძლება უზიარებდეს ამ ინფორმაციას ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღიურად და მგონია, რომ სწორედაც ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
მაგრამ გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს – მე არ ვიცი. ეტყობა, რაღაც მიზეზი იყო ამისთვის, იმიტომ რომ არ შეიძლება ოპოზიციის ასეთი პიროვნების წარმომადგენელი, მისი ოჯახის წარმომადგენელი, მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციაზე ექნება წვდომა. მე არ ვიცი, ეს რეალობა არსებობს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ არ შეიძლება.“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის,ზურა ჯაფარიძის მეუღლე, ნატა ქორიძე აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს.
მისი თქმით, სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაუშვეს. როგორც ნატა ქორიძე აღნიშნავს, დამსაქმებელმა განუცხადა, რომ სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია უქმდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ფორტუნა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.