LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს უკრაინასა და ევროპას შორის ბერლინის კედლის აშენება სურს

142
ზელე ბერლინალეზე

„დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს“, – ამ განცხადებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს მიმართა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის, სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის, პროგრესსა და ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვებს და კედელი ცივილიზაციასა და ტირანიას შორის.

„ჩნდება ლოგიკური კითხვა – რომელ მხარეს უნდა იდგეს კულტურა და ხელოვნება? შეიძლება თუ არა ხელოვნება პოლიტიკის მიღმა იყოს? კინო პოლიტიკის მიღმა იყოს? კულტურა და კინო შეიძლება იყოს პოლიტიკის მიღმა.

მაგრამ არა მაშინ, როცა ეს არის აგრესიის პოლიტიკა. არა მაშინ, როცა ეს არის მასობრივი დანაშაულების, მკვლელობების, ტერორის პოლიტიკა, სხვა ქვეყნების და სხვა ხალხების განადგურების სურვილი, როცა ტოტალური ომის პოლიტიკაა, ანუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასეთ პირობებში და ასეთ დროს ხელოვნება არ შეიძლება იყოს ნეიტრალური, არ შეიძლება პოლიტიკის „გარეთ“ იდგეს.

„კულტურა ასეთ დროს აკეთებს არჩევანს, კულტურა ირჩევს მხარეს, ან ხმამაღლა ლაპარაკობს და სხვადასხვა გზით ებრძვის ბოროტებას, ან უყურებს და დუმს – და, ფაქტობრივად, ეხმარება ბოროტებას.

რა თქმა უნდა, გლობალური გაგებით, კინო ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს და შთააგონოს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ სამყარო.“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.