“მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საქართველოში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ერთპარტიული პარლამენტის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “მრავალხმიანობის პრაქტიკა” ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” დააწესა.
“ჩვენ ეს განვახორციელეთ იმით, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” ერთპროცენტიანი ბარიერი დააწესაა და დღეს საქართველოს პარლამენტში 14 პარტიაა წარმოდგენილი. ის მრავალხმიანობა კი, რომელიც დემოკრატიას უნდა ახასიათებდეს, სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურებაა,”- აღნიშნა ტელეკომპანია “რუსთავი 2”- თან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა.
ამავე ეთერში მან პლებისციტის საკითხზე მმართველი გუნდის პოზიციაც გაახმოვანა. როგორც პაპუაშვილი ამბობს, იმისათვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნების შედეგები, საჭიროა რაიმენაირი მტკიცებულება არსებობდეს ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მმართველი გუნდი პლებისტიცის საკითხს არ განიხილავს.
“ერთმა თქვას რომ გაყალბდა, ოღონდ ვერ ვამტკიცებ რომ გაყალბდა, ამიტომ ვთვლი რომ კრიზისია. სულ 100 კაცია, რასაც ვაკვირდებით, ვინც ამ კრიზისის ვიზუალურ წარმოჩენას ცდილობს, იქნება ეს პროტესტი, იქნება ეს სოციალური ქსელი თუ ტელევიზიაში გამოსვლა”. – თქვა პაპუაშვილმა.