რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა კუნძულ რუსკიზე გაიმართა.
BBC-ის ინფორმაციით, ორი ქვეყნის მეთაურების შეხვედრის ერთ-ერთი მთავრი განსახილველი თემა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება იყო.
პუტინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეასთან და აშშ-თან ურთიერთობების დარეგულირების ძალისხმევას მიესალმება.
“დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი რუსეთში ხელს შეუწყობს ორმხრივ ურთიერთობებს და საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ თუ როგორ შეგვიძლია კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაციის მოგვარება. ჩვენ ასევე მივესალმებით თქვენს ძალისხმევას ორ კორეას შორის დიალოგის განვითარების კუთხით და აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
თავის მხრივ კიმ ჩენ ინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის ნორმალიზებას.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა სასარგებლო იქნება ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის. კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაცია მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესს იწვევს“, – დასძინა მან.