„გარკვეულმა სასტუმროებმა უკვე დაიწყეს ფასდაკლებების აქციები, შესაბამისად წელს მათ შორის განსაკუთრებული კონკურენცია იქნება“,- ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, შარშან ივლისის თვეში დამსვენებლების რაოდენობა 10-ჯერ არის შემცირებული, შესაბამისად შარშანდელი ფასები წელს ვერ შენარჩუნდება.
„ჯერჯერობით სასტუმროების უმრავლესობა შარშანდელის ანალოგიურ ფასებს ინარცუნებს, რაც არაადეკვატურია. კორონავიურის პანდემიის შედეგად მოქალაქეებმა დაკარგეს ან დროებით გაუჩერდათ სამსახურები. შესაბამისად ადგილობრივ მოსახლეობას არ ეყოფა ფინანსური რესურსი, რომ დაისვენოს.
თუმცა, გარკვეულმა სასტუმროებმა დაიწყეს გაიაფება და დარწმუნებული ვარ სხვა სასტუმროებიც ამას მიყვებიან, იმიტომ რომ შეუძლებელია შარშანდელი 9 მილიონი ვიზიტორის (წლიურად) ან თუნდაც ივლისში, დაახლოები 1 მილიონი ვიზიტორი შემოდიოდა და ამას ემატებოდა ასეულობით ათასი ადგილობრივი მოქალაქე, რომელიც ისვენებდა საქართველოში. ჩათვალეთ, რომ დამსვენებლების რაოდენობა შემცირებულია არა 10-ჯერ, არამედ უფრო მეტჯერ და შესაბამისად შარშანდელი ფასები ვერ შენარჩუნდება. ამიტომ მოსალოდნელია ფასდაკლებების აქციები, რაც უკვე დაიწყეს სასტუმროებმა.
წელს განსაკუთრებული კონკურენცია იქნება სასტუროებს შორის. კარგია, რომ ფასების დაკლება შესაძლებელია და საჭიროა, თუმცა ცალკეულ სასტუმროებს გაუჭირდებათ არსებული შემცირებული კლიენტების და შემცირებული ფასების ფონზე ჩვეული რიტმით მუშაობის გაგრძელება. აქედან გამომდინარე შეიძლება ბევრი სასტუმრო დახურვის პირასაც აღმოჩნდეს“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, იმ სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ პოსტპანდემიურ მოთხოვნებს, 459-მდე გაიზარდა.
არსებული 1675 სასტუმროდან შემოწმება დაიგეგმა 1331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები სწორედ 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა, 291-მა სასტუმრომ ვერ დააკმაყოფილა, 581-მა კი განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება.