LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზიტის საპასუხოდ, ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები დაიწყება – რა გამოხმაურებები მოჰყვა პელოსის ტაივანში ჩასვლას

79
BeFunky-collage (1)

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ოფიციალური ვიზიტით ფარგლებში უკვე შეხვდა ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენს. შეხვედრისას ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ აშშ ტაივანს არ მიატოვებს.

„ტაივანის მიმართ სოლიდარობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენ ამ მესიჯით ჩამოვედით ტაიპეიში“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.თავის მხრივ, ტაივანის პრეზიდენტმა ნენსი პელოსის ურყევი მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა.

ნენსი პელოსი ტაივანში გუშინ ჩავიდა. ეს პირველი ასეთი ვიზიტია ბოლო 25 წლის განმავლობაში, და მან, შესაძლოა, ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი არ არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს და „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის პრინციპებს.

შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ კიბრიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსს უფლება ჰქონდა, ტაივანში ვიზიტით ჩასულიყო.

„არ გვსურს, რომ ეს რაიმე სახის კრიზისში ან კონფლიქტში გადაიზარდოს. ამის მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა კიბრიმ.

ნენსი პელოსის ვიზიტის გასაპროტესტებლად, აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ პელოსის “ვიზიტის ბუნება უკიდურესად მანკიერია, „შედეგი ძალიან მძიმეა” და „ჩინური მხარე გულხელდაკრეფილი არ იქნება“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შიეი ფანის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი შეცდომისთვის ფასი უნდა გადაიხადოს.

„ჩინეთი მიიღებს აუცილებელ და მტკიცე კონტრზომებს და ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ“, – დასძინა შიეი ფანმა.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთის არმია მაღალ სამხედრო მზადყოფნაშია და ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს დაიწყებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სამხედრო წვრთნები გულისხმობს ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთ დასავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით საჰაერო და საზღვაო წვრთნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ხუთშაბათს დაიწყება და კვირამდე გასტანს.

ამასთან, პელოსის ვიზიტის პასუხად, ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, გამოაცხადა, რომ კუნძულთან ვაჭრობას ნაწილობრივ აჩერებს. ჩინეთის მთავრობის თანახმად, აიკრძალა ტაივანისთვის სამშენებლო ქვიშის მიწოდება და კუნძულიდან ციტრუსების და ზოგიერთი სახეობის თევზის იმპორტი.

ცნობისთვის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთეს მოსკოვშიც.

„ფრანც-პრესის“ ცნობით, მოსკოვი აცხადებს, რომ „ჩინეთს აქვს უფლება, მიიღოს ზომები სუვერენიტეტის დასაცავად“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პელოსის ვიზიტს „აშკარა პროვოკაცია“ უწოდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები