ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის ტრეკმა TCR-ის საერთაშორისო სერიის მეხუთე ეტაპს უმასპინძლა. სერიის მონაწილე ქართველ მრბოლ დათა ქაჯაიას შანსი ჰქონდა, მეორე რბოლაც კვარცხლბეკზე დაესრულებინა. მაგრამ როგორც ამის შანსი უამინდობის წყალობით მიიღო, ის წვიმისვე „ხელშეწყობით“ დაკარგა.
ავსტრიული ეტაპი ჩვენთვის საინტერესო სიახლითაც გამოირჩა: ყველა ავტომობილის საქარე შუშის ზედა ნაწილში გაჩნდა წარწერა – „ვიზიტ ჯორჯია“. საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა სერიის პრომოუტერი მარჩელო ლოტი, რომელმაც რუსთავის საერთაშრისო მოტორპარკი მოინახულა. არაა გამორიცხული, რომ TCR-ის საერთაშრისო სერიის მომავალი სეზონის კალენდარში, რუსთავის ეტაპიც შევიდეს.
ზალცბურგში კვალიფიკაცია ქაჯაიასთვის წარუმატებელი გამოდგა. მას სესიის დასაწყისშივე მოუცურდა მანქანა და ხრეშის ზოლში გაიჭედა. იმ დროს, როცა წითელი დროშები ფრიალებდა (ამ დროს, რბოლა გაჩერებულია) ქართველს ტრასაზე დაბრუნებაში სტიუარდები დაეხმარნენ, რისთვისაც მის მიერ დაფიქსირებული დროები გაუქმდა და დათა რბოლიდანაც კი მოიხსნა. თუმცა მოგვიანებით, რბოლის დირექტორმა ქაჯაიას დისკვალიფიკაცია შეამსუბუქა და ის ორივე რბოლაში მე-14 პოზიციაზე დაუშვა.
პირველი რბოლა, პირველივე მოსახვევში დიდი შეხლა-შემოხლით დაიწყო. ერთ-ერთი დაზარალებული ქაჯაია აღმოჩნდა.
საბოლოოდ ქართველი მე-7 ადგილს დასჯერდა.
მეორე რბოლის სტარტამდე, წვიმა წამოვიდა. სტარტისთვის გვარიანად წვიმდა, რითაც კარგად ისარგებლა ქაჯაიამ, რამდენიმე მეტოქეს გაასწრო და პირველ მოსახვევში მეორე შევიდა.
ტრასის იმ მონაკვეთებში, სადაც ასფალტი ძლიერ იყო დასველებული, ქართველის მანქანა აშკარად არამდგრადი იყო.
მე-8 წრის დასაწყისში კი, სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს, როცა დამუხრუჭება დაიწყო, მოულოდნელად ქაჯაიას მანქანამ აღარ მოუხვია და პირდაპირ შევარდა საბურავების დამცავ მწკრივში. როგორც მოგვიანებით დათამ განაცხადა, დამუხრუჭებისას მისი „გოლფი“ გუბეზე მოხვდა, რამაც ის უმართავი გახადა. ყველაფერთან ერთად, ძრავიც ჩაქვრა და ჩვენებური რბოლას გამოეთიშა…
კლასიფიკაციაში 10 რბოლის შემდეგ დავით ქაჯაია მე-10 ადგილზეა 54 ქულით.