LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზალიბერალიზაციის 5 წლის თავზე, რომი-ქუთაისი-რომის რეისი განახლდა

130
wizzairbykutaisiairport

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 28 მარტიდან, ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა.

პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი რომიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 5 წლის თავზე შესრულდა. განახლებულ რეისს რომიდან 113 მგზავრი ჩამოჰყვა, საქართველოდან რომში კი 170 მგზავრი გაფრინდა. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციული საჩუქრები დაურიგდათ.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ავიაკომპანია Wizz Air-თან კონსულტაციების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება აღდგა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, იტალიაში მცხოვრები ჩვენი დიასპორისთვის და მოგზაურთა მოყვარულებისთვის. ვიზალიბერალიზაციის შედეგად, ევროპაში ჩვენი მოქალაქეების მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განხორციელდა და მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდა. იმედი მაქვს, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ერთადერთია, სადაც იტალიის ორ ქალაქში, რომსა და მილანში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელია. რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები