„ვისაც პასუხისმგებლობა დაეკისრება, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს“, – აცხადებს ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მფლობელი ბექა მახარაძე.
ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი პირველად არ გაჩენილა
ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მფლობელი კომპანია „ტრანსსერვისის” გენერალური დირექტორი ბექა მახარაძე აღნიშნავს, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი პირველად არ გაჩენილა და მსგავსი ფაქტი 2015 წელსაც მოხდა.
„ჩვენ არ გავურბივართ ამ ხალხთან ურთიერთობას. წინა წლებშიც დავეხმარეთ. ადმინისტრაციამ კეთილი ნება გამოიჩინა და ყველა ინდმეწარმეს, ვისაც ორი წლის წინ ჯიხური დაეწვა, თავიდან აუშენა. წინა წელთან შედარებით ჯიხურების ოდენობა ამჯერად მეტია. ამას უნდა დათვლა, გაანალიზება და ფინანსური საშუალებები როგორც მოგვცემს საშუალებას, იმის მიხედვით დავეხმარებით“, – აცხადებს მახარაძე.
მისივე თქმით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ისინი ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ დასკვნას დადებენ, იყო ეს დივერსია თუ უბედური შემთხვევა.
ვინ აგებს პასუხს ზარალის ანაზღაურებაზე
დაზარალებულების განცხადებით, ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხს მერია და ბაზრობის ადმინისტრაცია აგებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ადვოკატს აიყვანენ და ამ საკითხზე შეჯერდებიან. მათი თქმით, ბაზრობას არ ჰყავს ოპერატიული დაცვის სამსახური, ისინი საკუთარი გადასახადებით უხდიან ხელფასს, მათ კი ვერ შეძლეს ელექტროობის შემოწმება და გაკონტროლება – სწორედ ამ საჩივრით მიმართეს მათ ბაზრობის მფლობელი შპს “ტრანსსერვისის” იურისტს ავთანდილ კახნიაშვილს, რომლის პოზიცია დაზარალებულებთან შელაპარაკების მიზეზი გახდა.
იურისტის განცხადებით, საწარმოს დაზარალებულებისთვის ფართები მიქირავებული აქვს, ეს არის მათი საკუთრება და ისინი პასუხისმგებლები არიან თავიანთ ქონებაზე.
“მუშაობენ სამართალდამცველები, ექსპერტის დასკვნა ალბათ დაიდება უახლოეს მომავალში და ამის შესაბამისად იქნება საუბარი ზიანის ანაზღაურებაზე”, – განაცხადა ავთანდილ კახნიაშვილმა.
დაზღვევა და სხვა საკითხები დასარეგულირებელია
რაც შეეხება დაზღვევის მიერ ზარალის ანაზღაურების საკითხს, სახელმწიფოში ჯერჯერობით არ არსებობს სავალდებულო დაზღვევა და ბაზრობის დირექტორის თქმით ყველა ინდმეწარმე 2015 წლის შემდეგ გაფრთხილებული იყო, აუცილებლად დაეზღვიათ საკუთარი საქონელი. მახარაძე ასევე ამბობს, რომ ის ქონება, რაც შპს „ტრანსსერვისის” ბალანსზეა, დაზღვეულია, მათ შორის, ადმინისტრაციული შენობა და საწყობები.
ისნის გამგებლის ვახტანგ ქიზიყურაშვილის განცხადებით, არა მარტო დაზღვევა, არამედ ბევრი სხვა საკითხია დასარეგულირებელი, მათ შორის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო საკითხები.
“ალბათ, ხელშეკრულების გაფორმების დროს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შესაბამისი ტერიტორიის ხელმძღვანელებმა და მეპატრონეებმა. არ ვიცით, რა ხელშეკრულებით რეგულირდებოდა მათი ურთიერთობები, ვნახავთ, გავერკვევით ყველაფერში. რა თქმა უნდა, ეს საკითხები დასარეგულირებელია”, – განაცხადა გამგებელმა.
მას შემდეგ, რაც დაიდება დასკვნა…
ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი და 38 ჯიხური. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, რომლის შედეგებს და მიზეზების დადგენას ელოდება ისნის რაიონის გამგებელი და აცხადებს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ „ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევძლებთ, დავეხმაროთ ამ ადამიანებს“. სანამ დადგინდება ვინ აგებს პასუხს ზარალზე, მოვაჭრეები პასუხისმგებლობას ადმინისტრაციას აკისრებენ, ბაზრობის მფლობელი ბექა მახარაძე კი აცხადებს, რომ „მას შემდეგ, რაც დაიდება დასკვნა, ვისაც პასუხისმგებლობა დაეკისრება, კანონის წინაშე აგებს პასუხს“ .