LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც დემოკრატიის სჯერა, მხარდაჭერით უნდა უზრუნველყოს ძალიან ღირებული პარტნიორები, როგორიც არის საქართველო, უკეთესია მათ დავეხმაროთ ადრე, ვიდრე გვიან: სტოლტენბერგი

118
Untitled design (13)

“ჩვენ ახლა ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ. ვხედავთ, რომ რუსეთს გაჰყავს ძალები ჩრდილოეთიდან, რომ გააძლიეროს ისინი, თავიდან აღჭურვოს, მოამარაგოს, შეაიარაღოს და შემდეგ აღმოსავლეთით გაუშვან, სადაც მასშტაბურ იერიშს ველით”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

რუსეთ-უკრაინის ომის შეფასების დროს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც მათ ისწავლეს, არის ის, რომ მხარდაჭერით უზრუნველყონ ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორები, მათ შორის, საქართველოც:

“მჯერა, რომ ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არის ის, რომ მნიშვნელოვანია ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უზრუნველყოს მხარდაჭერით ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორები, როგორიც არის საქართველო. უკეთესია მათ დავეხმაროთ ადრე, ვიდრე გვიან.

აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განხილული იქნება საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დღეს და ხვალ, არის ის, როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ დახმარების გაწევა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც არიან რუსეთის წნეხის ქვეშ და რა თქმა უნდა, საქართველო არის ერთ-ერთი მათგანი.

რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს და ჩვენ განვიხილავთ, როგორ უნდა მივაწოდოთ მეტი დახმარება ყველა მიმართულებით, იქნება ეს კიბერმიმართულება, უსაფრთხოება, შესაძლებლობების განვითარება და სხვა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს რუსეთისგან მომდინარე წნეხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს კარი ღია რჩება, შვიდი ათწლეულის განმავლობაში ნატოს გაფართოება წარმატებით ხორციელდება და რომ მხოლოდ აპლიკანტ ქვეყანაზე და ალიანსის წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული, ამ ალიანსის წევრობის საკითხი.

“რუსეთს და არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებაზე”, განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა დღეს ასევე განაცხადა, რომ არავის დაუნახავს მინიშნება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარი ამბიცია შეცვალა:

“არ გვინახავს მინიშნება, რომ პრეზიდენტმა, პუტინმა შეცვალა თავისი ამბიცია მთლიანად უკრაინის გაკონტროლებასთან ან საერთაშორისო წესრიგის გადაწერასთან დაკავშირებით.

ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გაჭიანურებისთვის. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, გავაგრძელოთ ჩვენი სანქციები, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და შეკავება, რადგან შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის”, – თქვა მან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები