LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის გაუძვირდა სესხები და ვინ აგებს პასუხს ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებაზე

167
sesxi

კორონაპანდემიის უმძიმეს შედეგებს რომ დღეს მთელი მსოფლიო იმკის, ეს ახალი არ არის. მით უმეტეს, საქართველოსნაირ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა ისედაც მყიფეა და ნებისმიერი პატარა ცვლილებაც კი გავლენას ახდენს, კოვიდ-19 ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ფაქტობრივად, საბოლოო განაჩენი აღმოჩნდა. პანდემიას დღევანდელი ხელისუფლებაც კარგად იყენებს და აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კი “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მომხდარა, ვირუსს აბრალებს. არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ არც ლარის გაუფასურება, არც სესხების გაძვირება და არც პრობლემები ეკონომიკაში ერთი წლის წინ არ დაწყებულა.

ახლაც, 125 ათასამდე მოქალაქეს რომ სესხი გაუძვირდა, ამაზე პასუხისმგებელი კორონავირუსი კი არა, როგორც ეკონომისტები ამბობენ, მთავრობა და ეროვნული ბანკია. ასე რომ, ქვეყნის მთავარმა ცენტრალურმა ბანკმა რაც არ უნდა იძახოს, სასწაულებს ვერ მოვახდენო, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, ზუსტად ვის და რამდენით გაუძვირდა სესხი და რა გზა რჩებათ ამ მოქალაქეებს – გადაიხადონ გაძვირებული კრედიტი თუ არსებობს, ამ სიტუაციიდან შედარებით ნაკლები დანაკარგით გამოსვლის შანსი. მანამდე ჯერ ვნახოთ, რა გვითხრა ეროვნულმა ბანკმა.

 

 

რას ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი

ეროვნულმა ბანკმა, ამჯერადაც, შეიძლება ითქვას, რომ ხელები დაიბანა, სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებაზე პასუხისმგებლობა არ აიღო და მშვიდად გამოგვიცხადა, რომ რეფინანსირების განაკვეთს ზრდის. ერთი შეხედვით, ეს წინადადება შეიძლება ბევრს არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ თუ გეტყვით, რომ გვენეტაძის ეს სიტყვები სესხის გაძვირებას ნიშნავს, დარწმუნებული ვარ, უფრო გასაგები იქნება. ვის და როგორ გაუძვირდა კრედიტი, ამაზე ცოტა ქვემოთ გეტყვით, მანამდე კი  რა თქვა კობა გვენატაძემ.

“მსჯელობის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთის 1% პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50%-ით განისაზღვრა.

თუ ლაპარაკია, 100 000 ლარიან სესხზე, რომელიც 10 წლით იყო აღებული 12%-ად ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი ახლა იქნება 13% და თვიური განსხვავება 58 ლარით უფრო მეტი იქნება გადასახდელი.

რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო პროცესია, მაგრამ შეუძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა სასწაული გააკეთოს. ფაქტორები, რომელიც დღეს ინფლაციაზე მოქმედებდეს არ არის ის ფაქტორები, რომელზეც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეროვნულ ბანკს”,- თქვა ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, წუხს და ნერვიულობს მოქალაქეებზე, ყოველშემთხვევაში, მისი გამოსვლიდან ასე ჩანს, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არ მქონდაო. სხვა გზა ჰქონდა თუ არა, ან აქამდე რომ არ მისულიყო საერთოდ ყველაფერი, მანამდე რა ბერკეტი ჰქონდა ეროვნულ ბანკს, ეს კითხვა ჩვენ ექსპერტებს დავუსვით.

 

 

ვის გაუძვირდა სესხი

 

დღევანდელი მონაცემებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება შეეხო 124 ათას 700 ადამიანს, ვისაც სამომხმარებლო სესხი აღებული აქვს ლარში და საპროცენტო განაკვეთი მიბმული აქვს რეფინანსირებაზე. ანუ, თუ თქვენ ხელშეკრულებაში გიწერიათ, რომ მაგ. სესხის პროცენტია წლიური 12% და იქვე მითითებულია, რომ ეს არ არის ფიქსირებული პროცენტი, არამედ შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთის მიხედვით. ე. ი. სესხი გაგიძვირდათ. ეს ეხება ნებისმიერი ტიპის სესხს, იქნება ეს სამომხმარებლო, იპოთეკური თუ სხვა. თუ ზუსტად არ გახსოვთ ხელშეკრულების ეს მნიშვნელოვანი დეტალი, გირჩევთ, ჩაიხედოთ ხელშეკრულებაში ან გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ბანკირთან. როგორც ექსპერტებმა გვითხრეს, შესაძლებელია, სესხი თავიდან აიღოთ, ან სხვა ბანკში გადაიტანოთ უკეთესი პირობებით და ამით თავიდან აიცილოთ სესხის გაძვირება. ერთადერთი გამოსავალი ახლა ბანკების კონკურეციაა, ვინ უკეთეს პირობებს შემოგთავაზებთ.

                  

მიზეზები და გამოსავალი 

 

ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ინფლაციის დასტაბილურებისთვის ეროვნულ ბანკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თუმცა მათი შეფასებით, ამ გადაწყვეტილებას შედეგი მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში ექნება.

“საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ მათი მონაცემებით, დღეისათვის ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7423.1 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

მისი თქმით, რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 56300 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.83%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2736.7  მილიონი ლარია.

“მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი ორი ალტერნატივიდან, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ფასების დონის შენარჩუნება, ამ უკანასკნელს ირჩევს. 

ინფლაციური მოლოდინების გაძლიერება გარდაუვალია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გლობალურ ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების ზრდა დაიწყო, ხოლო მარტში ლარი დოლართან მიმართებაში წინა თვესთან შედარებით 3.6%-ით გაუფასურდა. ინფლაციის საბაზო დონის ეფექტი (სუბსიდირების გამო) გაძლიერებული იქნება მთლიანი წლის მანძილზე”, – ამბობს კეპულაძე. 

ეკონომისტი ნიკოლოზ შენგელია კი განმარტავს, რომ მას ლარის გაუფასურების მიზეზებსა და ამ პროცესის შეჩერების გზებზე არაერთხელ უსაუბრია. ამ ეტაპზე კი მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ვითარება ძალიან რთულია.

“ძალიან ცუდი მდგომარეობაა ეკონომიკაში, ეროვნულ ბანკს უჭირს, რომ თავი გაართვას თავის მოვალეობას. თუ გადავხედავთ წინა წლებს, მაგალითად, 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში, როცა არც ტურიზმი იყო შეზღუდული, არც პანდემია იყო, გვახსოვს, რომ ლარი მაშინაც უფასურდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფრის იზეზი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელიც ათეული წლებია გრძელდება. სამწუხაროდ, ჩვენ მალე ლარის გაუფასურების 3,60-იან ნიშნულს ვიხილავთ”, – ამბობს შენგელია.

სიტუაცია რთულია, ლარი როგორც ჩანს, გაჩერებას არ აპირებს და აქამდე თუ ყოველდღიური მოხმარების საკვები პროდუქტები ძვირდებოდა, ახლა უკვე მოქალაქეებს გაძვირებული სესხების დაფარვაც მოუწევთ.