LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლეტა მგალობლიშვილი: „შენ ის გოგო არ ხარ“? – ასე მეკითხებიან ხოლმე და ამ დროს ძალიან მრცხვენია, ვწითლდები…“

2708
main135

„ვოისის“ ფინალისტი, ვიოლეტა მგალობლიშვილი გამორჩეული, ძლიერი ხმის პატრონია, რომელიც ყოველ ტურზე მწვრთნელსაც და მაყურებელსაც თავისი ვოკალური შესაძლებლობებით აოცებს, თუმცა თავად, მეგობრის მხრიდან დიდი მონდომება დასჭირდა, რომ პროექტის კასტინგზე მისვლა გადაეწყვიტა. ახლა, როგორც თავად ამბობს, ნიკოლოზ რაჭველის წყალობით, როგორც მუსიკოსი, ბევრად უფრო თავდაჯერებული გახდა.

ვიოლეტა მგალობლიშვილი:

რომ გითხრათ, ვნერვიულობ-მეთქი, მოგატყუებთ. უფრო მაქვს პასუხისმგებლობის გაათმაგებული შეგრძნება, რადგან უკვე ორგზის გავხდი ჩემი მწვრთნელის რჩეული და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად. მას იმედი არ უნდა გავუცრუო. არის მეორე ფაქტორიც – ჩემი ოჯახისა და მამაჩემის განწყობა. მამას იმდენად მგულშემატკივრობს, იმდენად არის ჩართული და ნერვიულობს, არ შემიძლია, მას იმედი გავუცრუო. მეც ჩართული ვარ ყველაფერში თავიდან ფეხებამდე.

არც ერთი ჩემი ლაივის წინ არ მქონია შეგრძნება, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა გამარჯვებისთვის. სიმღერაზე ვკონცენტრირდები ხოლმე. ახლაც ჩემი მიზანია, ხარისხიანი პროდუქტი დავტოვო, რაც დარჩება ხალხის გონებაში, ვინც მას მოუსმენს, „იუთუბზე“, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კარგად მინდა ვიმღერო, ისე, როგორც მინდა და შემეფერება. ცხადია, მოგებაც ძალიან კარგი იქნება, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, რაც ვარ, ის საუკეთესოდ წარმოვაჩინო.

მუსიკალური მიმართულებით „ვოისში“ ახალი რა მიიღე?

ზუსტად გუშინ ვამბობდი, რომ საკუთარი თავის აღმოჩენებში ვარ. იმდენი რაღაცის აღმოჩენაში დამეხმარა ბატონი ნიკოლოზ რაჭველი… მაგალითად, ყოველთვის მეგონა, რომ სიმღერის ტექსტებს ცუდად ვიმახსოვრებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორ დღეში შემიძლია კარგად ათვისება. ეს მეცადინეობის პროცესში გამოვლინდა. მან შემძინა ჩემი შესაძლებლობების რწმენა, რაც მუსიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

და რაც გაკლდა?

ნამდვილად. თვითშეფასებაზე ძალიან აისახებოდა ამ რწმენის ნაკლებობა.  ვფიქრობ, მაესტრო ძალიან დამეხმარა ჩემი თავის პოვნაში, ასევე ჟანრის მოძიებაშიც.

„ვოისში“ მოსვლაც მეგობარმა დაგაძალა და ფიქრობდი, რომ ცუდად მღეროდი, თუ რა მიზეზით არ გინდოდა მისვლა?

არა, არა, ამას არ ვფიქრობდი, უბრალოდ, არ მიმაჩნდა, რომ იმ დონეზე ვიყავი, სხვებისთვის გამეწია კონკურენცია. ასე არ აღმოჩნდა. იმდენად არ მინდოდა კასტინგზე წასვლა, რომ ყველანაირ მიზეზს ვიგონებდი. ბოლოს ვთქვი, სიცხე-მაქვს-მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც აღმოვჩნდი აქ და თქვენთან ინტერვიუს ვწერ, შაბათს კი – ფინალია.

კომენტარებს აქცევ ყურადღებას?

ყველა კომენტარს ვკითხულობ. იმიტომ კი არა, რომ ბევრი დრო მაქვს, უბრალოდ, ყველას შეფასება, კრიტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ არ შემხვედრია უარყოფითი გამოხმაურება. ვინც მწერს, ყველას ვცდილობ, პასუხი გავცე. ზოგჯერ მრცხვენია ხოლმე პასუხის გაცემა (იღიმის). ზოგჯერ ვერ ვიკავებ თავს და მადლობას ვუხდი თბილი სიტყვებისთვის.

კონკურენტებს შორის კულისებს მიღმა რა ურთიერთობაა?

სხვა პროექტში მონაწილეობის გამოცდილებაც მქონია და შედარება შემიძლია – „ვოისში“ კონკურსანტებს ერთმანეთის მიმართ დიდი მხარდაჭერა გვაქვს. მე, მაგალითად, მარიტა ცეცხლაძის ფინალში გადასვლა ისე გამიხარდა, რომ შოკში ვიყავი. მეც იმავე დადებით დამოკიდებულებას ვგრძნობ. ერთმანეთსი წარმატება გვიხარია. მუსიკოსობაც ესაა, რომ კოლეგების მიმართ ცუდი ემოციები შეუძლებელია, გქონდეს. მგონია, აქ ნამდვილი მუსიკოსები არიან შეკრებილები და სიმახინჯეები და ლაფსუსები არ არის…

მუსიკის მიღმა, რა არის შენი გატაცება, რა გაინტერესებს?

ძალიან მიყვარს წერა, ვწერ ჩანახატებს. წელს ვამთავრებ სამართლის ფაკულტეტს, თუმცა არ ვიცი, რამდენად მინდა, გავყვე ამ პროფესიას… ჯერ არ გადამიწყვეტია. მიყვარს ლიტერატურა, ზოგადად, კითხვა. მყავს ცხოველები, ძაღლი, კატა, კურდღლები… თუკი ისევ მუსიკას დავუბრუნდებით, თავისუფალ დროს, მე და ჩემი მეგობრები საღამოობით ვსხდებით და ახალ მუსიკას ვეძებთ, ახალ ჟანრებს…

ვიოლეტა მარტოა თუ არა?

შეიძლება, რომ ამაზე არ ვისაუბროთ (იღიმის)?!.

რა თქმა უნდა… მაგრამ მაინც გკითხავ, როგორი ადამიანი დაიმსახურებს შენს ყურადღებას?

პირველ რიგში, განათლებული, ერუდირებული, კარგი, კეთილი ადამიანი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ადამიანს რა თვისებებიც ამრავალფეროვნებს, სიკეთე, მეგობრობისა და თანადგომის გრძნობებია. ეს დღესდღეისობით ჩემს თაობაში კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება. ეს თვისებები უნდა ჰქონდეს ჩემს რჩეულს, და კიდევ, ცხოველებიც უნდა უყვარდეს.

„ვოისის“ შემდეგ ქუჩაში გცნობენ?

ბევრი მწერს მესენჯერის საშუალებით. ნახევარფინალის შემდეგ, იმ რაოდენობის შეტყობინება მივიღე, ორი დღე ვცდილობდი, პასუხი გამეცა და მგონია, შევძელი. ქუჩაშიც მცნობენ. „შენ ის გოგო არ ხარ“? – ასე მეკითხებიან ხოლმე და ამ დროს ძალიან მრცხვენია, ვწითლდები (იღიმის). მგონია, პოპულარობა არ არის ისეთი რამ, რომ ადამიანურად შეიცვალო და არ გასცე პასუხი, თუკი ვინმე მესენჯერში მოგწერს, ან ქუჩაში თბილად მოგიკითხავს. ზოგადად, ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანი ასე უნდა იქცეოდეს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები