უკრაინის ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებისა და გარემოცვის დასანქცირებას უმრავლესობის წევრები აფასებენ.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები დაასანქცირა – სანქციების დაწესებას ხელი ზელენსკიმ მოაწერა
“ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ სანქცირებულთა სიაში აღნიშნული პირების მოხვედრა ქვეყნის ომში ჩართვის კიდევ ერთი მცდელობაა.
“ის უწყება, რომლის ხელმძღვანელიც გამოდიოდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ და აცხადებდა, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას და ქართველი ქალების და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო, იმ უწყებისგან ნამდვილად არ არის გასაკვირი.
ის ხალხია ამ გადაწყვეტილების შემოქმედი, ვინც ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ნუ, რადგან ვერ მიაღწიეს ამ მიზანს, ამ გზით ასე პირდაპირი მოთხოვნების წარმოდგენით, ახლა, როგორც ჩანს ამ სტრატეგიას მიაგნეს.
აი, ვინმემ დედამიწის ზურგზე იცის, იმის შესახებ, რა გახდა მიზეზი დასანქცირებისთვის?! რამე კონკრეტული არგუმენტი, კონკრეტული დასაბუთება”, – აცხადებს სარჯველაძე.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ აღნიშნულ ფაქტს “უსაფუძვლო და შანტაჟი” უწოდა.
“ეს არის უსაფუძვლო. ეს არის შანტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას მეორე ფრონტის გახსნაზე სამართლიანად უთხრა უარი. უკრაინამ კარგად უნდა გაიაზროს და გაითავისოს, რა თამაშში შედის. ეს ის თამაში არ არის, რომელიც მის სახელმწიფო ინტერესებს ეკუთვნის.
დანილოვები, პოდოლიაკები და ასეთი პოდონოკები საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებენ”, – ამბობს ირაკლი ზარქუა.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე უკრაინის ქმედებით იმედგაცრუებულია.
“ჩემი სრული იმედგაცრუება, უკრაინა რუსეთის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც სანქციები დაუწესა ქართველებს”, – აღნიშნავს ქარუმიძე.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები და ახლობლებიც შედიან.
უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილის ნათესავების მოხვედრის მიზეზად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასახელებს იმას, რომ საქართველოში ომის მეორე ფრონტი არ გაიხსნა.
„უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი არის დანილოვი, რომელიც მოგვიწოდებს ომისკენ, მეორე ფრონტისკენ, მეტი კომენტარი ამაზე არ მაქვს. დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, თან ცდილობს დაშანტაჟებას. რისთვის ცდილობს დაშანტაჟებას? მეორე ფრონტისთვის. ლოგიკა თქვენთვის მომინდია “, – განუცხადა კობახიძემ “ტვ პირველს”.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ივანიშვილიც მოხვდეს სიაში, კობახიძე პასუხობს: „მეორე ფრონტი საქართველოში არ იქნება, დანილოვი და ვერც სხვები ამას ვერ მიაღწევენ“.