LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც მოიგო, იმან დაიმსახურა: რეალი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია (ვიდეო)

48

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. „სამეფო კლუბი“ და ჩემპიონთა თასი ისეთი ახლობლები გახდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ვეღარ ძლებენ – „რეალს“ყველაზე პრესტიჟული თასი უკვე 11 ცალი აქვს თავის ისედაც უდი(ა)დეს მუზეუმში.
„რეალმა“ კიდევ ერთხელ მოუგო გადამწყვეტი თამაში თანაქალაქელ „ატლეტიკოს“. ორი წლის წინანდელი ფინალის მსგავსად ძირითადი დრო ახლაც 1:1 დასრულდა, თუმცა ამჯერზე საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა და აქ უკვე უფრო გამოცდილ მადრიდელებს არ უმტყუნათ ნერვებმა – 5:3 „რეალისტების“ სასარგებლოდ.
მადრიდის „რეალი“ იმდენად დიდი გუნდი და მოვლენაა ფეხბურთში, რომ რა დროსაც რა ტურნირიც არ უნდა მოიგოს, რთულია მის გამარჯვებას დაუმსახურებელი უწოდო. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ლიგას ღირსეული გამარჯვებული ყავს.
წარმატება დიეგო სიმეონეს „ატლეტიკომაც“ ალალად დაიმსახურა. „ათლეტებს“ ფინალი რომ მოეგოთ, ენა არავის მოუბრუნდებოდა მათ დასაძრახად. ტურნირის მსვლელობისას აჯობო არაამქვენიურ „ბარსელონას“, რომლის გაჩერება ფაქტობრივად წარმოუდგენელი მოჩანდა, მერე ამას მიაყოლო მონოლითური და ყველაფრის წამლეკავი „ბაიერნი“, რომელშიც შერწყმული იყო საოცარი ფეხბურთელები, გუნდურობა, ტოტალური ფეხბურთი, ძალა, გამარჯვებულის მენტალიტეტი და გახვიდე ფინალში თვით „რეალზე“, ამაზე უფრო მაგარი უკვე არაფერი არსებობს. და რა ცოტა დააკლდა „ატლეტიკოს“ – ნამდვილ გუნდს, მებრძოლს, შემართულს, ერთიანს, მიზანზე ორიენტირებულს, გუნდს, რომელიც არასდროს წყვეტს ბრძოლას, თუნდაც უკვე წაქცეული იყოს. „ატლეტიკოს“ წარმატება კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ცხოვრებაში ყველას და ყველაფერს ფული არ წყვეტს, რომ შრომით, ბრძოლით, ენთუზიაზმით, მონდომებით შესაძლებელია მიაღწიო წარმატებას თუნდაც შენ წინააღმდეგ ამა ქვეყნის ძლიერები იდგნენ. „ლესტერის“ შემდეგ „ატლეტიკოს“ გამარჯვებაც ფეხბურთს სხვანაირს გახდიდა, თუმცა ამ შემთხვევაში გამარჯვება უფრო გამოცდილს და მიჩვეულს, დიდ გუნდს დარჩა.
უნდესიმა შედგა: „რეალი“ თავის კოლექციას მე-11 ჩემპიონთა თასს მატებს.

 

მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში “სამეფო კლუბის” მცველმა სერხიო რამოსმა გახსნა. 48-ე წუთზე კი “ატლეტიკოს” გათანბრების კარგი შანსი მიეცა. “რეალის” კარში პენალტი დაინიშნა, თუმც ანტუან გრიზმანმა ხარიხას მოარტყა ბურთი. ამის მიუხედავად “ატლეტიკომ” 79-ე წუთზე მაინც გაათანაბრა – გაბის პასის შემდეგ ხუანფრანმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას კარასკომ დაასწრო.
დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო პენალტების სერიაში “რეალმა” იმარჯვა – 5:3.

 

“მინდა მივულოცო “რეალს”. ისინი კვლავ ჩვენზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ოღონდ პენალტების სერიაში. მატჩი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მე-20 წუთისთვის თამაშის ორგანიზება მოვახერხეთ. მეორე ტაიმში სწრაფად შეგვეძლო ანგარიშის გათანაბრება, ეს ნათელი იყო.
არ ვიცი, როგორი წაგებისგან უფრო უნდა მეტკინოს გული. ყველაზე რთულია იმ ადამიანების ტკივილის დანახვა, რომლებმაც ფული გადაიხადეს, რომ აქ მოსულიყვნენ. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მათ სასურველი არ მივეცი. ამის გამო კი ნამდვილად მტკივა.
ნათელია, რომ არავინ დაიმახსოვრებს იმას, ვინც მეორე გახდა. ორი ფინალის წაგება – ეს ჩავარდნაა. საუკეთესო გუნდი ყოველთვის ის არის, ვინც მოიგო.
ფეხბურთში არ არსებობს სამართლიანობა. ვინც მოიგო, იმან დაიმსახურა გამარჯვება. არავითარი გამართლება.
“რეალი” საუკეთესო იყო, რადგან მათ მოიგეს, ჩვენ კი პენალტების სერიაში ვერ გადავწყვიტეთ მატჩის ბედი. დამიდგა დრო ბევრ რამეზე ვიფიქრო. განვიხილავ თუ არა “ატლეტიკოდან” წასვლას? ამაზე დავფიქრდები”, – თქვა „ატლეტიკოს“ ბრწყინვალე მწრთნელმა დიეგო სიმეონემ.

 

რეალი 1:1 ატლეტიკო (5:3)
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015-206 წლების ფინალური მატჩი
28 მაისი. მილანი, სან სირო.

რეალი: ნავასი, კარვახალი (დანილო 52), პეპე, რამოსი, მარსელო, კროოსი (ისკო 72), მოდრიჩი, კასემირო, ბეილი, რონალდო, ბენზემა (ლუკასი 77)
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ატლეტიკო: ობლაკი, ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ლუისი (ჰერნანდესი 109), ნიგესი, გაბი, ფერნანდესი (კარასკო 46), კოკე (ტეიე 116), გრიზმანი, ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 1:0 რამოსი (15), 1:1 კარასკო 79
გაფრთხილება: კარვახალი (11), ნავასი (47), ტორესი (61), კასემირო (79), რამოსი, გაბი, დანილო (93), პეპე (112)
მსაჯი: კლატენბურგი (ინგლისი)

 

 

 

https://www.youtube.com/watch?v=GC5EVDZ9V4E

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები