“ვინც ხელს უწყობდა ეკა ბესელიას ჩაჩოჩებას, ის ხელს უწყობდა მოსამართლეთა სიას. თუ ბატონი ბიძინა ამას ეთანხმებოდა, მე მწუხარებით უნდა ვთქვა, რომ ამას ხელს უწყობდა. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ თვითონ სიასთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება არ იქნება იგივე,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
ფოფხაძის თქმით, დღევანდელ განცხადებაში მთავარ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული – უჭერს თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას. გედევან ფოფხაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ სწორია ამ სიის განხილვის შეჩერება და სწორია, რომ ფორსირებულად არ ხდება საკითხის შესწავლა, რაც მისი, ეკა ბესელიას და მათი თანამოაზრეების პოზიცია იყო.
“ჩვენ გვაინტერესებს ამ სიის მიმართ მისი საჯარო დამოკიდებულება. გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც სიის მიმართ ლოიალურები არიან და არიან ადამიანები, რომლებიც პრინციპულად ეწინააღმდეგებიან. ჩვენი გუნდურობა გამოიხატება იმ ღირებულებებისადმი ერთგულებაში, რითაც ჩვენ მოვიგეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები. ჩემი გუნდი არის ის ხალხი, ვინც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის. ეს არის ჩვენი გუნდი, რომელსაც არასდროს ვუღალატებ. ამ ადამიანებისთვის სააკაშვილის „ზონდერ მოსამართლეების“ დანიშვნა არის მიუღებელი. ჩემს გუნდს არ წარმოადგენს ვანო ზარდიაშვილი. არაფერი საერთო ზარდიაშვილთან არ მაქვს ღირებულებების დონეზე. ვინც არის ჩემი გუნდი, მასთან ერთად ვიქნები ბოლომდე. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გედევან ფოფხაძე არ უნდა იყოს “ოცნებაში”, ისინი გადადგამენ ნაბიჯს იმათ წინააღმდეგ, ვისთან ერთადაც ვიბრძოდით და ისინი დაშორდებიან გუნდს,” – განაცხადა ფოფხაძემ.