მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა აიკრძალება. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. შესაბამისი რეგულაციები “ეროვნულმა ბანკმა” მოამზადა.
ვისთვის რთულდება სესხის აღების პროცედურა
რეგულაცია შემოსავლების დადასტურებას მოითხოვს და ის მტკივნეულად ძირითადად თვითდასაქმებულ ადამიანებზე აისახება. ეს ადამიანები აქამდე თუ შედარებით მარტივად ახერხებდნენ სესხის აღებას, ახალი რეგულაციებით, სესხის დამტკიცების პროცედურა რთულდება, შემოსავლების დაუდასტურებლობის შემთხვევაში კი, შეუძლებელიც ხდება.
მარტივად რომ ვთქვათ, ძიძა, ტაქსის მძღოლი, რეპეტიტორი, ხელოსანი, დალაქი ახერხებდა მარტივად სესხის აღებას. ახალი რეგულაციით კი, ყველა შემთხვევაში გაწერილია პროცედურა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბანკი მათთვის სესხის გაცემის დროს. რეგულაციების მიხედვით, საკრედიტო ორგანიზაცია ვალდებული ხდება, თვითდასაქმებული ადამიანი სამუშაო ადგილზე გადაამოწმოს. ფიქსირებული იქნება ის თანხაც, რომელსაც მოქალაქე განკარგვადი შემოსავლიდან სესხის დასაფარად იხდის. შესაბამისად, მოქალაქეებს შეუმცირდებათ სასესხო ლიმიტებიც.
ინსპექტირება, როგორც შემოსავლების დადასტურების მთავარი მექანიზმი და რეგულაციების ეკონომიკური ეფექტი
შემოსავლების დასადასტურებლად საკრედიტო ორგანიზაციებში ამ დრომდე ხელფასის ცნობა, საბანკო ამონაწერი მოითხოვებოდა, თუმცა, ახალი რეგულაციებით ეს საკმარისი აღარაა.
როგორც „ბანკები და საზოგადოების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე, „ფორტუნასთან“ განმარტავს, რადგან თვითდასაქმებული ადამიანები ეკონომიკის ჩრდილოვან სექტორს წარმოადგენენ და შემოსავლების დადასტურება გაუჭირდებათ, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ბანკები მათ დაკრედიტებას მნიშვნელოვანად შეამცირებენ. ფინანსისტი ამბობს, რომ ბანკები ვერ გამოყოფენ დამატებით რესურსს, რომ ისინი სამუშაო ადგილებზე გადაამოწმონ.
„ეროვნული ბანკი“ ეუბნება კომერციულ ბანკებს, რომ ასეთი ტიპის სესხი არ უნდა იყოს საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად ბანკები მკვეთრად შეზღუდავენ თვითდასაქმებული ადამინების დაკრედიტებას, რაც საბოლოო ჯამში შეამცირებს მოხმარებას, სესხების გაცემას საცალო სექტორში, როგორიც არის სამომხმარებლო სესხები, განვადებები, საკრედიტო ბარათები და მათ, ვისაც ენდომება სესხის აღება, მაგალითად, ტაქსის მძღოლის შემთხვევაში, ის აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული, მანქანა უნდა იყოს მძღოლის სახელზე, მინიმუმ, ბოლო 6 თვის განმავლობაში უნდა გადამოწმდეს მძღოლის მარშრუტები ტარიფების კუთხით და ა.შ.
“ძიძის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს სამუშაო ადგილზე ინსპექტირება, უნდა გამოიკითხოს მისი დამსაქმებელი ანაზღაურების თაობაზე და ყოველთვიურად სესხში გადახდილი თანხა უნდა შეესაბამებოდეს „ეროვნული ბანკის“ მიერ დაწესებულ ნორმებს. სეხის მოცულობამ კი არ უნდა გადააჭარბოს 2000 ლარს. ძიძას, რომელსაც 500 ლარი აქვს შემოსავალი, თავისუფლად შეუძლია, 2000 ლარზე მეტი ერთწლიანი სესხი აიღოს, მაგრამ „ეროვნული ბანკი“ ამას ზღუდავს და ბანკებს ამის გათვალისწინება მოუწვეთ.
„ასევე რეპეტიტორი, რომელიც სახლში ამზადებს ბავშვებს, შესაძლოა, ხელზე იღებს ანაზღაურებას, რომელსაც არსად აფიქსირებს, მაგრამ მისი შემოსავალი შეიძლება, საკმაოდ დიდი იყოს. რეპეტიტორის შემთხვევაში შეზღუდვა, მაგალითად, არის 6000 ლარი, როცა ეს თანხა შესაძლოა, ერთი მოსწავლისგან ჰქონდეს შემოსავალი წლიურად,“ – ამბობს გიორგი კეპულაძე.
ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ ბიზნესომბუდსმენის აპარატშიც.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ლევან კალანდაძე, „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ რეგულაციებში ხარვეზებია.
„ერთია პრობლემა და მეორეა კონკრეტული გადაწყვეტილებები. როცა ჩვენ სახელმწიფო რეგულაციებს ვაწესებთ, მათ შორის „ეროვნული ბანკის“, ისინი უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ბიზნესის ინტერესები არ შეიზღუდოს იმიტომ, რომ დაშვებული შეცდომა ამ სფეროში სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს და არა მხოლოდ ბანკებს, საკრედიტო ორგანიზაციებს, არამედ ამ ორგანიზაციების კლიენტებს შეექმნათ პრობლემა,“ – ამბობს ლევან კალანდაძე.
ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციებით კლიენტებს სესხის აღების პროცედურა ძალიან გაურთულდებათ. მეორე საკითხი, რომელზეც ბიზნესომბუდსმენის აპარატში შენიშვნები აქვთ, ბიუროკრატიულ პროცედურებს უკავშირდება.
„ამ რეგულაციებით გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების დამკვიდრება ხდება დამატებითი ქაღალდების, ცნობების წარდგენა, გადამოწმების პროცედურები, არა მხოლოდ სესხის აღების მსურველისა, არამედ მასთან დაკავშირებული პირებისა, იგივე ძიძის ქეისს რაც ეხება,“ – ამბობს ლევან კალანდაძე.
რეგულაციების ეკონომიკურ ეფექტზე საუბრისას ფინანსისტი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ რეგულაციები საცალო სესხების სეგმენტს შეამცირებს და არ არის გამორიცხული, ამან უარყოფითი გავლენა იქონიოს ეკონომიკაზე.
„ადამიანები ვეღარ შეძლებენ, მარტივად გაიუმჯობესონ საკუთარი ცხოვრების დონე. თუ ვიღაცას სჭირდება, ვთქვათ, სარეცხი მანქანა სახლში და ამის განვადებით შეძენა სურდა, ვეღარ მოახერხებს ამას, ძალიან გაუჭირდება,“ – ამბობს გიორგი კეპულაძე.
ახალი რეგულაციები ჯერჯერობით არ ეხება საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც „ეროვნული ბანკის“ დაქვემდებარებაში მხოლოდ 2019 წლიდან გადადიან.
კეპულაძე ამბობს, რომ რეფორმა განსაკუთრებით მტკივნეული სწორედ მათთვის იქნება, რადგან თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც შემოსავალს ვერ ადასტურებენ, თუმცა, ეს შემოსავალი გააჩნიათ, სწორედ ასეთ ორგანიზაციებს მიმართავენ. კეპულაძე ვარაუდობს, რომ ახალი რეგულაციების გამო, ამ ამ ადამიანებს სესხის აღების გაძნელებასთან ერთად, სხვა პირობებიც დაუმძიმდებათ.
„აქამდე მარტივად ახერხებდნენ სესხის აღებას, მათი პირობები შეიცვლება, ერთი, რომ სესხის აღება გაუძნელდებათ და სავარაუდოდ, მოუწევთ უფრო ძვირის გადახდა სესხში,“ – ამბობს გიორგი კეპულაძე.
ჭარბვალიანობის პრობლემა, როგორც რეგულაცების მიღების საფუძველი
რეგულაციების მიღების მთავარ მოტივად ჭარბვალიანობის პრობლემა დასახელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ეროვნულ ბანკამდე“ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობა საზოგადოებაში იმ მიზეზით დაგროვდა, რომ წლების განმავლობაში შემოსავლის დადასტურებას არავინ ითხოვდა.
ბახტაძის განცხადებას მოჰყვა „ეროვნული ბანკის“ განმარტებებიც, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს „ეროვნული ბანკი“ აანალიზებდა მოსახლეობის მოწყვლად სეგმენტში ჭარბვალიანობის დინამიკას და მუშაობდა აღნიშნული პრობლემის კომპლექსურად და სისტემურად გადაწყვეტის გზებზე.
„ბოლო წლებში შინამეურნეობების დავალიანება მაღალი ტემპით იზრდება და, რაც არანაკლებ საყურადღებოა, მზარდია იმ ფიზიკური პირების დაკრედიტება, რომელთაც შემოსავლებთან მიმართებაში ვალის მაღალი ტვირთი აქვთ,“ – აღნიშნულია „ეროვნული ბანკის“ განცხადებაში.
თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ ამ განცხადების გამოქვეყნებას წინ უძღოდა „ეროვნული ბანკის“ წარმომადგენლის კომენტარი Tv პირველის ეთერში, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ჭარბვალიანობის კატასტროფულად მზარდი მაჩვენებელი არა გვაქვს.
ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრის გზებს „ეროვნული ბანკის“ რეგულაციებში ვერ ხედავს „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, ფინანსისტი გიორგი კეპულაძე. უფრო მეტიც, კეპულაძე იმის საფრთხეს ხედავს, რომ ადამიანები, რომლებიც საკრედიტო ორგანიზაციებში სესხის აღებას ვეღარ შეძლებენ, არაფორმალურ სექტორში გადაინაცვლონ და კერძო მევახშეებს მიმართონ სესხის ასაღებად.
კეპულაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა არა საკრედიტო ორგანიზაციებთან, არამედ არასაბანკო სექტორიდან და კერძოდ, მევახშეებიდან მოდის და ამბობს, რომ ახალმა რეგულაციებმა შესაძლოა, ჭარბვალიანობის პრობლემა კიდევ უფრო მეტად გაზარდოს.
„მათ მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების ოდენობა მკვეთრად აღემატება ბანკების და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებულ უძრავ ქონებას. ანუ აუქციონზე მევახშეების მიერ გაცილებით მეტი უძრავი ქონების გასხვისება ხდება, ვიდრე კომერციული ბანკების მიერ. არ ვიცი, ეკონომიკის ამ ჩრდილოვან სექტორთან დაკავშირებით რა რეგულაციებია მომზადებული, როგორიც არიან კერძო მევახშეები, რომელთა რეგულირება, ფაქტობრივად, არ ხორციელდება, მაგრამ, თუ კერძო მევახშეების მიმართ არ დაწესდება გარკვეული რეგულაციები, მთელი ეს სეგმენტი გადავა მათთან. ამიტომ ეს შეზღუდვები ერთია, რომ ვერ მოსპობს მოთხოვნას ფულზე და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ადამიანები გადავიდნენ ხელზე გასესხებაზე, პრივატულ მოლაპარაკებებზე და არა იურიდიული დოკუმენტებით ამის გაფორმებაზე, რაც, საერთო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკისთვის არ იქნება კარგი,“ – ამბობს კეპულაძე.
სესხის აღების პროცედურის გართულების საფრთხეს ხედავენ ბიზნესომბუდსმენის აპარატშიც.
რაც შეეხება ჭარბვალიანობას, ბიზნესომბუდსმენის აპარატში მიიჩნევენ, რომ პრობლემა მართლაც დგას, თუმცა, იმის საფრთხესაც ხედავენ, რომ სესხის აღების გართულება მევახშეებისადმი მიმართვიანობას გაზრდის.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ლევან კალანდაძე, „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ არის საფრთხე იმისა, რომ საკრედიტო ურთიერთობების დღეს არსებულმა ლეგალურმა სფერომ ჩრდილში გადაინაცვლოს.
როგორ დარეგულირდება ჭარბვალიანობის პრობლემა ახალი რეგულაციით მაშინ, როცა ფულზე მოთხოვნა არ მცირდება და მევახშეების სექტორი არ რეგულირდება, გაუგებარი რჩება.
ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები – როგორ შეიძლება, შეიცვალოს შემოთავაზებული რეგულაციები
ბიზნესომბუდსმენის აპარატი რეგულაციებთან დაკავშირებით დასკვნას და რეკომენდაციებს ამზადებს, რომელიც „ეროვნულ ბანკს“ გაეგზავნება.
ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პოზიციას ამ საკითხზე უკვე გაეცნო და მოსალოდნელ სირთულეებზე მათ შეშფოთებასაც გარკვეულწილად იზიარებენ. ბიზნესომბუდსმენის აპარატში იმედი აქვთ, რომ „ეროვნულ ბანკთან“ კომპრომისულ ვარიანტზე შეჯერდებიან
„იმედს გამოვთქვამ, რომ „ეროვნული ბანკი“ იქნება მზად, როგორც სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნესომბუდსმენის აპარატთან უფრო დეტალურად დავიწყოთ მსჯელობა და განხილვა. „ეროვნული ბანკი“ ხედავს გარკვეულ რისკებს, თუმცა, მათ დასარეგულირებლად პოლიტიკა არ უნდა იყოს ისეთი, რომ ზოგადად სექტორი და საკრედიტო ორგანიზაციები დავაზარალოთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები,“ – ამბობს ლევან კალანდაძე.
ლევან კალანდაძე კონკრეტულ რეკომენდაციებზე ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა, ამბობს, რომ ისინი ყველა იმ პროცედურას ეხება, რომელიც ბიზნესისთვის და მათი მომხმარებლებისთვის პროცედურებს ართულებს, მათ შორის ეხება თვითდასაქმებულის ადგილზე სამუშაო გადამოწმების პროცედურასაც.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილე განმარტავს, რომ შემოსავლების დასადასტურებლად დასაქმებულის სამუშაო ადგილზე გადამოწმების სხვა ალტერნატივაც არსებობს და ერთ-ერთ მექანიზმად შემოსავლების სამსახურში დაცულ ინფორმაციას ასახელებს.
„შემოსავლების სამსახურს აქვს გარკვეული წვდომა პრაქტიკულად ყველა ადამიანის პირად ანგარიშთან და იმ შემთხვევაში, თუ იქნება მზაობა, გარკვეული მოდელის შემუშავება სწორედ ამ ინფორმაციის დადასტურებისა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, იქნება შესაძლებელი,“ – ამბობს ლ ევან კალანდაძე.
მისივე თქმით, შესაძლებელია, ასევე იმ თვითდასაქმებული ადამიანების შემოსავლების გადამოწმებაც, რომლებსაც ბანკში ხელფასი არ ერიცხებათ.
„ ამ ინსტრუმენტს დღეისათვის იყენებენ ბანკები და მოლაპარაკების პროცესში, სავარაუდოდ, მივალთ გონივრულ გადაწყვეტილებამდე. არის გარკვეული ინსტრუმენტები და ნების შემთხვევაში, მათი გამოყენების გზით გარკვეული წნეხისა და ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის შესაძლებლობა არის,“ – ამბობს ლევან კალანდაძე და დასძენს, რომ ზოგადად „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიუროკრატია ცუდია და გადამოწმებები არ უნდა მოხდეს“.
„ეს უნდა არსებობდეს, მაგრამ ამან საკრედიტო ორგანიზაციებსა და კლიენტს შორის პრობლემები და ხარვეზები არ უნდა წარმოქმნას,“ – ამბობს ლევან კალანდაძე.
ეროვნული ბანკის რეგულაციებზე პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ისინი ეროვნულ ბანკთან კონსულტაციებს აწარმოებენ. საკუთარ ხედვას ისინი 1 ივნისამდე წარმოადგენენ.
თაკო ივანიაძე