პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, აჩვენა, რომ სერიოზული ოპოზიციური ფიგურებიც მის გვერდით დგანან და უკრაინაში კვლავ სერიოზულ მოთამაშედ რჩება.
“განსაკუთრებით ტიმოშენკო, რომლის პარტია მიშასაზე ბევრად უფრო ძლიერია – უფრო ზუსტად, ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა. ამ განლაგებაში, ტიმოშენკო რომ ფიზიკურად შენს გვერდით დადგა, ესე იგი სერიოზულ მოთამაშედ რჩები. მოკლედ რომ ვთქვათ, უკრაინაში მარგინალიზაციის საფრთხე ჰქონდა და ამ ეტაპზე ეს საფრთხე გადალახა. სულ მცირე, უკრაინის მთავარი ნიუსმეიქერია, ამ ეტაპზე მაინც.
“პარალელულად – როგორც “გვერდითი შედეგი” – საქართველოში თავისი მომხრეებიც გამოაცოცხლა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მაგარია. უდუმაშვილის წყალ-ღვინო კამპანიამ რაც ვერ ქნა, ერთ დღეში აანაზღაურა,” – წერს გია ნოდია.
თუმცა, ნოდია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის გადაკვეთით უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს სამართლებრივად რეალური კოზირი მისცა. ნოდია კრაკოვეცის გარღვევას სასოწარკვეთის აქტს ადარებს: “პოკერში რომ ბოლო ფული გაქვს და all-in-ს რომ შედიხარ. ამ ეტაპზე მოიგე, თამაშში დარჩი, მაგრამ ამის შემდეგ როგორ უნდა ამოქაჩო? ფაქტია, რომ მოხდა საზღვრის მასობრივი უკანონო და ძალადობრივი გადაკვეთა. ”
ნოდია მიიჩნევს, რომ გამორიცხული არაა, მიხეილ სააკაშვილი პოროშენკომ ბიძინა ივანიშვილს გადასცეს, თუმცა პოლიტოლოგი აქვე დასძენს, რომ ეს ივანიშვილისთვის სასიხარულო სულაც არ აღმოჩნდება.
“(ბიძინას კი არ გაეხარდება ეს, მაგრამ აწი უკან დასახევი აღარა აქვს). არ ვამბობ, რომ ამის ალბათობა მაღალია, მაგრამ ნოლი აღარ არის,” – წერს ნოდია და აქვე დასძენს, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, გუშინ განვითარებული მოვლენებით ვინ იხეირებს, სააკაშვილი, ტიმოშენკო თუ პოროშენკო, რომელიც “ანარქიისგან და უკანონობისგან დამცველის მანტიას შემოისხამს (როგორც 2016-ის არჩევნების დროს ბიძინამ გააკეთა, ოღონდ ამის ნაკლები საფუძველი ჰქონდა), და შეშინებული ხალხი დაუჯერებს?”
“მიშას უკრაინელი და ქართველი მომხრეები წუხანდელის „პახმელიიდან“ რომ გამოვლენ, ამაზე მოუწევთ ფიქრი. თამაშის ფსონები აიწია, აზარტი მეტია, მეტია გაურკვევლობაც,” – წერს გია ნოდია.
https://www.facebook.com/ghia.nodia/posts/10155680457258571