LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ უერთდება და ვინ – არა მოძრაობის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს

328
BeFunky-collage

გუშინ, 24 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა მოძრაობა “შინ ევროპაში” დააფუძნეს. მათი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.

სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს

“შინ ევროპისკენ” აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები.

ორივე მოთხოვნა არასერიოზულია: იაგო ხვიჩია სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებზე

პარტია “დროა” მხარს უჭერს “შინ ევროპისკენ” აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეოლიგარქიზაციაა, რასაც სჭირდება როგორც ქვეყნის შიგნით აქტიურობა, ასევე საქართველოს პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა, რაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებაში უნდა გამოიხატოს.

“დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ სახალხო მოძრაობისგან და რომელსაც აღვუთქვამთ სრულ მხარდაჭერას. ეს არის პირველი ნაბიჯი – ხელისუფლების, მთავრობის მთლიანად გადადგომის მოთხოვნა. ღარიბაშვილის და იმ გუნდის, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ნებისმიერი ჯგუფის მიერ საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა არასერიოზული და საზიანოა – ეს ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიის საფუძველს და არც საპროტესტო მოძრაობის გაფართოებას შეუწყობს ხელს. ამასთან, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქვეყნის მართვა, ძალაუფლების განხორციელება, ქვეყნის ტრანსფორმაცია მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგად ამომრჩევლების მანდატის მქონე მთავრობას, ანუ დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ გუნდს შეუძლია.

“მოქალაქეთა ნებისმიერ ჯგუფს, ვისაც აქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ ქვეყნის მართვაში მიიღოს მონაწილეობა, მოუწევს ამისთვის ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება – პოლიტიკურ პარტიად/ერთეულად ქცევა და ხალხის დარწმუნება, რომ მათი ხედვა და უნარი სჭირდება ქვეყანას. რაც მთავარია, ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ ჯერ ის ვითარება უნდა შევქმნათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების გარდაუვალ დათმობას შეეგუოს. ყველა პარტია და აქტიური სამოქალაქო ჯგუფი სწორედ ამ ამოცანას უნდა ემსახუროს. ევროპული საქართველო’ სწორედ ამაზეა ფოკუსირებული და აფართოებს იმ მოქალაქეების რაოდენობას, ვინც მზადაა ივანიშვილს ძალაუფლება ჯიუტი პროტესტით დაათმობინოს”. – თქვა ბოკერიამ.

სამოქალაქო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს უერთდება პარტია “ლელო საქართველოსთვის”. საკითხზე ბრიფინგზე ისაუბრა პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

“ლელო საქართველოსთვის” მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მანიფესტს და იმ მოთხოვნებს, რომელიც იქ არის დასახელებული. კერძოდ, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული.

ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და დეოლიგარქიზაციას”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია კი აცხადებს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების და  კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ პროცესი რეფორმირებულ საარჩევნო გარემოში უნდა გაგრძელდეს და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

მისი თქმით, საერთო სახალხო მოძრაობის შეთანხმების შესაბამისად, ეროვნულ თანხმობის მთავრობაში არა მოქმედი პოლიტიკოსები ან აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წევრები, არამედ კონკრეტული დარგის აღიარებული ექსპერტები იქნებიან. მელიას განცხადებით, ამ ექსპერტებს უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო აღიარება და მაღალი რეპუტაცია.

სამოქალაქო მოძრაობის შინ ევროპისკენ მიერ პრემიერმინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნის მოთხოვნას უერთდება “სტრატეგია აღმაშენებელი”.

“ხალხი ქუჩაში გამოვიდა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, ესაა აქციის მონაწილეების მთავარი დაკვეთა. მაგრამ, ამასთან, დეოლიგარქიზაციის და სხვა ევროპული რეკომენდაციების შესრულების გარეშე ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.

სწორედ ამიტომ, გამოსავალია გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, გარდამავალი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას”. – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„სახალხო მთავრობის“ მოთხოვნა შეიძლება მთლად გაუაზრებლადაც არ იყო მოგონილი, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ევროინტეგრაცია არავის აინტერესებს და მხოლოდ საბაბია, რათა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო“ – რას წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი

მთავარ მოთხოვნად ჟღერდება არა ივანიშვილის სანქცირება ახალი საპარლამენტო არჩევნებით, არამედ ღარიბაშვილის გადადგომა – შესაძლოა ეს უდიდესი სახალხო მუხტი ისევ ჩააქროს ცხელმა ივლისმა: შალვა ნათელაშვილი

პოლიტიკური პარტიები უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი დღის წესრიგი მივაშველოთ ამ პროცესს: ნინო ბურჯანაძე

3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია. ამის შესახებ „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა 24 ივნისს გამართულ აქციაზე.

მორიგი აქცია პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება

„და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ — თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

მისივე განცხადებით,საქართველოს დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, თუ არ გადადგება მთავრობა. ასევე, დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.

შეგახსენებთ, მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის დაწყების მიზეზი გახდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.