პრემიერლიგის კლუბების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია – ალექსის სანჩესი და მესუთ იოზილი კევინ დე ბრიუინზე და მოჰამედ სალაჰზე მეტ ფულს გამოიმუშავებენ.
The Times-მა გამოაქვეყნა ინფოგრაფიკა, რომელიც პრემიერლიგის კლუბების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სტატისტიკურ მონაცემებს ასახავს (მონაცემები აღებულია 2018 წლის 1 ივლისიდან პრემიერლიგის 30-ე ტურამდე).
ალექსის სანჩესი 350 ათ. ფუნტი 1144 წთ 11013 ფუნტი წუთში
კრისტიან ბენტეკე 130 526 8897
მესუთ იოზილი 350 1518 8300
კევინ დე ბრიუინი 280 1333 7562
ნგოლო კანტე 290 3234 3228
…
მოჰამედ სალაჰი 250 3097 2906
ჯეიმი ვარდი 120 2067 2081
ჰარი კეინი 150 2923 1847
სიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები ალექსის სანჩესი და მესუთ იოზილი არიან. მიმდინარე სეზონში ორივე მათგანს მსგავსი პრობლემები აწუხებს: ტრავმები, ცუდი სათამაშო ფორმა და გუნდის სათამაშო სტილთან ადაპტაციის სირთულეები. სანჩესს არც ისე კარგი სიტუაცია აქვს მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობის, ასევე სტატისტიკის მხრივაც. პრემიერლიგაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში ჩილელმა ვარსკვლავმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. იოზილს ამ მხრივ ოდნავ უკეთესი მაჩვენებლები აქვს: 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა 18 მატჩში, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მანაც დაკარგა.
5 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს შორის არიან კევინ დე ბრიუინი და კრისტიან ბენტეკეც, თუმცა ორივე მათგანმა ძალიან ბევრი შეხვედრა გამოტოვა ტრავმის გამო.
აღნიშნულ სიაში შედის ნგოლო კანტეც – რომელიც პირველ ხუთეულში ყველაზე პროდუქტიულია. მან ”ჩელსის” მიერ პრემიერლიგაში გამართულ ყველა შეხვედრაში ითამაშა. კანტე ”ჩელსის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა მას შემდეგ, რაც გასულ ნოემბერს კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ედენ აზარი გუნდში დარჩება, ბელგიელი დიდი ალბათობით კანტეს ამ ტიტულს ჩამოართმევს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო მასაც საკმაოდ ბევრი მატჩის გამოტოვება მოუხდა, პრემიერლიგის ტოპ 6 კლუბის მოთამაშეებიდან ყველაზე პროდუქტიული ჰარი კეინია. ”ტოტენჰემის” ვარსკვლავის მიერ მოედანზე გატარებული ერთი წუთი ”დეზებს” 1847 გირვანქა უჯდებათ.
ყველაზე დაბალი ხელფასები პრემიერლიგის კლუბებიდან ”კარდიფშია”. შეიძლება ითქვას, რომ ალექსის სანჩესის ხელფასი საკმარისი იქნებოდა 8 ჰარი არტერისთვის. არტერის ანაზღაურება კვირაში 40 000 გირვანქაა.