მსოფლიო ჩემპიონატი თანდათან ხურდება, გრანდები საქმეში ერთვებიან და გულშემატკივრებიც სულ უფრო ეშხში შედიან. რამდენიმე თამაში უკვე იყო, თუმცა ყველაფერი წინაა და მთავარ ინტრიგამდე ჯერ დრო არის. ფეხბურთი და მით უმეტეს, ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ მსოფლიო პირველობა იმ მასშტაბისაა, რომ ნებისმიერი საქმის მკეთებელს ცოტას მაინც მოაცდენს და საქმეს გვერდზე გადაადებინებს. გამონაკლისი არც პოლიტიკოსები არიან და ეს მთელ მსოფლიოში ასეა. ცნობილია, რომ ჩვენს თანამემამულე პოლიტიკოსებსაც უყვართ ფეხბურთი. მეტიც, აგერ თბილისის მერი სულაც წარმატებული ფეხბურთელი იყო და ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ასოებით ჩაეწერა, ხოლო პარლამენტის თავჯდომარეს სტუდენტობისას სპორტულ ჟურნალისტადაც უმუშავია და საფეხბურთო თემებზე წერდა. უბრალოდ, ამ მსოფლიო ჩემპიონატს ჩვენს ქვეყანაში ცხელი ამბები დაემთხვევა – ერთის მხრივ, საპროტესტო აქციები და მეორეს მხრივ სამთავრობო ცვლილებები. ამის გამო, შესაძლოა ფეხბურთისთვის დიდად ვერ მოიცალონ, მაგრამ ცალი თვალი ალბათ მაინც გაექცევათ ტელევიზორისკენ.
„ფორტუნა“ კი ცნობილ პოლიტიკურ სახეებს დაუკავშირდა და მარტივი კითხვა დაუსვა: ვის გულშემატკივრობთ და ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს?
აი რა გამოვიდა:
კახა კალაძე (თბილისის მერი):
გამორჩეულად არავის ვგულშემატკივრობ. როგორც იცით, მე იტალიური ფეხბურთის ქომაგი ვარ, თუმცა იტალია ამ ჩემპიონატში არ მონაწილეობს. ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს ბრაზილიას და გერმანული ფეხბურთიც ტრადიციულად ძლიერია. ისე კი, როგორც აღვნიშნე, გამორჩეულად არავის ვგულშემატკივრობ.
გიორგი გახარია (შინაგან საქმეთა მინისტრი):
გერმანიას ვგულშემატკივრობ და შესაბამისად, სურვილი მაქვს, რომ წელსაც მსოფლიო ჩემპიონი გერმანია გახდეს.
მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრი):
გერმანიის გულშემატკივარი ვარ. გერმანიას წელსაც ძლიერი გუნდი ყავს და იმედი მაქვს, გამარჯვებას მიაღწევს.
დავით უსუფაშვილი („შენების მოძრაობის“ ლიდერი):
ვგულშემატკივრობ მესის!
მამუკა მდინარაძე (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი):
არც გამხსენებია მსოფლიო ჩემპიონატი რომ იწყებოდა, რაც იშვიათად ხდება ხოლმე, მაგრამ საერთოდ გერმანიის გულშემატკივარი ვარ და მუდამ ასე ვიყავი. ყოველთვის სტაბილური და კარგი გუნდი ჰყავს, უძლიერესი შემადგენლობით და ამიტომაც მგონია, რომ შანსი აქვს. ვერ გეტყვით, რომ ყველაზე აქტიურთა სიაში ვწერივარ, მაგრამ ფეხბურთი მიყვარს. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე აქტიურ გულშემატკივრობას ვერც მოვახერხებ. თუ მოვხვდი ფეხბურთის დროს ტელევიზორთან, აუცილებლად ვუყურებ.
შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი):
პოლიტიკის გამო ფეხბურთის საყურებლად დრო არ მრჩება, თუმცა, კარგი ფეხბურთის ყურება ყოველთვის მომწონს. სამწუხაროდ, წელს დიდად არ ვადევნებ თვალს და არ ვიცი ვინ მონაწილეობს – ისევ და ისევ პოლიტიკის გამო.
ზურაბ ჯაფარიძე (გირჩის“ ლიდერი):
ზოგადად ჰოლანდიის გულშემატკივარი ვარ. სამწუხაროდ, ჰოლანდია არ თამაშობს ამ ჩემპიონატზე და ამის გამო მის მეზობელ ბელგიას ვგულშემატკივრობ. ჩემპიონობის არ ვიცი, მაგრამ წელს ბელგიას აქვს შანსი შორს წავიდეს. საქართველოს ჩემპიონატს ვერ ვუყურებ, თუმცა ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებ ხოლმე.