მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შორენა თეთრუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირველად, 500$ გველის შხამის შესაძენად მისცა.
როგორც ადვოკატი, დეკანოზზე დაყრდნობით ყვება, შორენა თეთრუაშვილს ფეხზე ტრავმა ჰქონდა და გველის შხამი მალამოს დასამზადებლად სჭირდებოდა.
“მაშინ ტრავმა ჰქონდა ქალბატონ შორენას ფეხზე და თურმე, შეიძლებოდა, მას დაემზადებინა ტკივილგამაყუჩებელი მალამო, რომლის გამოყენებაც მას სურდა. შესაბამისად, მამა გიორგიმ, როდესაც მიმართა პარტნიორებს, მაშინ ოფიციალური პასუხი მოვიდა, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შეძენა – მთელი რიგი პროცედურები იყო. როდესაც ეს ინფორმაცია მამა გიორგი მიაწოდა ქალბატონ შორენას, მან განუცხადა, რომ შხამი საჭირო აღარ იყო. სწორედ ამ შხამის შესაძენად მისცა 500$ ქალბატონმა შორენამ მას“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა გადაცემა “არჩევანის” ეთერში.
ადვოკატი ამბობს, რომ ეს ფაქტი ციანიდის საქმეში გამოიყენეს და გველის შხამი ციანიდად მოიხსენიეს. თუმცა, როდესაც ფაქტების გადამოწმება მოხერხდა, მოწმემ თქვა, რომ “გველის შხამი და ციანიდი ერთი და იგივე მეგონაო.”