LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ აწვდის საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობით საწვავს – უახლესი სტატისტიკა

264
shutterstock-1062083486

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  890,9 ათასი ტონა, რაც 19,3  ათასი ტონით ანუ 2,1%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (910,2 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  456,3  ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4,5 ათასი ტონით ანუ 1,0%-ით),  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 434,6  ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 23,8 ათასი ტონით ანუ 5,2%-ით).

“მიმდინარე წლის სტატისტიკა დიზელის საწვავთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გამოსწორდა, ბოლო 2 თვის განმავლობაში, როდესაც განხორციელდა იმპორტის მაღალი მოცულობები. კერძოდ, მ/წლის ოქტომბრის თვეში განხორციელდა 58,6 ათასი ტონა დიზელის საწვავის იმპორტი, რაც სექტემბრის თვის მაჩვენებლთან შედარებით თითქმის 10 ათასი ტონით მეტია. მომავალ თვეებში გამოჩნდება ზუსტად, თუ რითია განპირობებული იმპორტის ზრდა. კერძოდ, მოხდა აღურიცხავი პროდუქციის შემცირება თუ ხდება აღნიშნული პროდუქციის გარკვეული მარაგების შექმნა.

რეალურად ყველა ის ფაქტორი, რომელიც დიზელის საწვავის მოხმარებას განსაზღვრავს (ავტოპარკი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასოფლო-სამეურნეო სამუსაოები, გადაზიდვები), მაღალ მაჩვენებელზეა და შესაბამისად, მიმდინარე წელს უნდა დაფიქსირდეს დიზელის საწვავის იმპორტისა და მომხმარების მაღალი მაჩვენებელი.

ბენზინის საწვავის იმპორტი და მოხმარება მიმდინარე წელს იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაზრდილია ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი (დღეისათვის დაახლოებით საქართველოში 80 ათასამდე ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს). რომლის საწვავის ხარჯიც მნიშვნელოვნად ნაკლებია სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.  ასევე მნიშვნელოვნად იზრდება თხევადი აირის (LPG) მოხმარება, რომელიც არის ბენზინის საწვავის ალტერნატიური პროდუქტი”, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მათივე ინფორმაციით, საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 301,1  ათასი ტონა ანუ 66,0%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 146,3 ათასი ტონა ანუ 32,1%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი – 8,9 ათასი ტონა ანუ 8,9%.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში, ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან – 274,6  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,8%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი – 243,3 ათასი ტონა (27,3%),  აზერბაიჯანი – 124,2 ათასი ტონა (13,9%), თურქმენეთი – 103,7 ათასი ტონა (11,6%);   ბულგარეთი  – 77,9 ათასი ტონა (8,7%), საბერძნეთი –  49,6 ათასი ტონა (5,6%), თურქეთი – 16,0 ათასი ტონა (1,8%) და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები