LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ვინ აშინებს კორტების საქმის “ოქროს მოწმეს“ – ვაზაგაშვილის დედის პირველი კომენტარი

კორტების საქმეზე განაჩენის შეცვლის მორიგი მცდელობა, – ასე აფასებს ვაზაგაშვილების ოჯახი მოწმე გოგოტიშვილის ირგვლივ აგორებულ სკანდალს. როგორც გარდაცვლილის,  ზურა ვაზაგაშვილის დედა ექსკლუზიურად „ფორტუნასთან“ ამბობს, მსჯავრდებულ ფირცხალავას ოჯახი ყველა საშუალებით ცდილობს,  უზენაეს სასამართლოში განაჩენი შეცვალონ.

„კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის დროს ვაზაგაშვილს და ხუბულოვს პოლიციელების მიმართულებით სროლა არ განუხორციელებიათ და მათ მიმართ საკონტროლო გასროლა პისტოლეტით გიორგი ცააძემ განახორციელა,“ – სასამართლოს წინაშე მიცემული ეს ჩვენება „ოქროს მოწმე“ კობა გოგატიშვილმა 2 კვირაში 2-ჯერ შეცვალა.

კორტების საქმეზე  მსჯავრდებულ ფირცხალავას ცოლის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერში და სახალხო დამცველთან საუბრისას მოწმე  გოგატიშვილი ამბობს, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პროკურატურა აშანტაჟებდა და დაშინებით მისცა აღნიშნული ჩვენება.

თუმცა, საქმეში კიდევ ერთი დეტალი არსებობს.  პროკურატურამ მოწმის დაკითხვამდე სასამართლო დარბაზს ვიდეოც აჩვენა, სადაც 2006 წლის 2 მაისს  მომხდარი მოვლენების შესახებ კობა გოგატიშვილი ერთ-ერთი არხის ჟურნალისტს კომენტარს აძლევს. ის ინტერვიუშიც ამბობდა, რომ დაცხრილული მანქანიდან სროლა არ ყოფილა და სპეცრაზმელები ესროდნენ მანქანას, რომელმაც ორიენტაცია დაკარგა და ხეს შეასკდა. 

 

 „ოქროს მოწმე“ VS ფირცხალავას ოჯახი

კორტების საქმეზე ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს 12-12 წელი მიესაჯათ. ჩვენებები, რომლის საფუძველზეც პოლიციის  ყოფილ მაღალჩინოსნებს სასამართლომ  პატიმრობა მიუსაჯა, მოწმემ ჯერ ფირცხალავას ცოლთან ჩანაწერში უარყო,  შემდეგ სპეციალურ პრესკონფერენცია მოიწვია, პირველ ჩვენებას დაუბრუნდა და ფირცხალავას ოჯახი შანტაჟში დაადანაშაულა.

„მე კორტების სპეცოპერაციის თვითმხილველი ვარ. ფირცხალავას ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან ჩემზე ზეწოლა და მუქარა განხორციელდა. მათ ჩემგან ჩვენების შეცვლა მოითხოვეს და სანაცვლოდ 30 ათასი დოლარი და საზღვარგარეთ უზრუნველყოფილი ცხოვრება შემომთავაზეს „შეხვედრაზე ფირცხალავას მეუღლისა და შვილის გარდა,  სხვა კაცებიც იყვნენ, რომლებისაც შემეშინდა და ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი. მათ სახალხო დამცველთან მიმიყვანეს, იქ უნდა მეთქვა ყველაფერი, რაც დამაზეპირებინეს. ფირცხალავას შვილი შუბლის გახვრეტით დამემუქრა,“ – განაცხადა კობა გოგატიშვილმა.

 

ვის ამხელს ფარული ჩანაწერი?

საქმის მთავარი გმირი, მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას ცოლი, ნინო ხვიტია, რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს,  რომ მოწმე კობა გოგატიშვილი  მას თავად დაუკავშირდა. ნინო ხვიტია იმედოვნებდა,  რომ მოწმის შეცვლილ ჩვენებას უზენაესი სასამართლო ახალ გარემოებად მიიღებდა .

„40-წუთიან ფარულ ჩანაწერში ყველაფერი  ჩანს , რატომ მისცა სასამართლოს ცრუ ჩვენება და ახლა რატომ გადაწყვიტა სიმართლის თქმა. ფარულ ჩანაწერში ამბობს, რომ პირადი პრობლემის გამო, პროკურატურა აშანტაჟებდა,  თანხასაც ჰპირდებოდა, ახლა კი ყველამ დაკარგა და არც პროკურატურა ასრულებს დანაპირებს. ძალიან გვინდა, რომ ეს იყოს ახალი გარემოება უზენაესისთვის,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ნინო ხვიტია. 

 

„წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან“ – ვაზაგაშვილის დედა  

მოწმეზე ზეწოლის გამოსაძიებლად პროკურატურას მიმართეს ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებმაც. იურისტები აცხადებენ, რომ კორტების საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულების ოჯახის წევრები  სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

კორტების სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილის დედა, ციალა შანავა, ფიქრობს,  რომ ფირცხალავა-ცააძის ოჯახებს განაჩენის შეცვლის მორიგი მცდელობა აქვთ .

„ჩვენება, რომელიც გოგატიშვილმა სასამართლოს მისცა და ხელი დაადო ცააძესა და ფირცხალავას, სიმართლე იყო.  ახლა ფირცხალავას ოჯახი ყველა საშუალებით ცდილობს, როგორმე უზენაესში შეცვალონ განაჩენი. არ არის გამორიცხული, შანტაჟის ან  მოსყიდვის გზით, მოწმეზე ზეგავლენას ახდენდნენ. არაფერი არ გამოუვათ. ის, რომ ცააძე და ფირცხალავა დამნაშავეები არიან, საქმის სხვა მასალებითაც მტკიცდება. წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ციალა შანავა.

მოწმეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო და გამოკითხვაზე ფირცხალავას ოჯახის წევრები დაიბარა. ნინო ხვიტიამ პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადა. ის ახლა  სასამართლოში იმყოფება, სადაც მაგისტრი  მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები