LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ქართველი მომღერალი, რომელმაც კონტრაქტი ლოს-ანჯელესის ცნობილ პროდიუსერებთან გააფორმა

3880
ლიზი გოგუა

ლიზი გოგუა 2022 წლის გერმანული „ვოისის“ ქართველი ფავორიტია, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს. მისი ყოველდღიურობა მუსიკითაა მოცული და მთლიანად ამ სფეროზეა კონცენტრირებული. მსოფლიოში ცნობილ მუსიკალურ პროექტში ე.წ. ბრმა კასტინგზე მას სამი მენტორი შემოუტრიალდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის პროექტში მოხვდა. რამდენიმეკვირიანი მუშაობის შედეგად, ლიზი „ვოისის“ ნახევარფინალისტიც გახდა. პროექტი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როცა მისი მუსიკალური კარიერის განვითარებისთვის რამდენიმე საინტერესო შეთავაზება მიიღო. ლიზი გოგუა წელს ბერლინის კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. 10 ოქტომბერს 20 წელი შეუსრულდა და საკუთარ დაბადების დღეზე, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში პირველ ლექციაზე შევიდა… ჟურნალმა „გზამ“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდს.

მოდი, ვთქვათ, რა შედეგებით დასრულდა 2022 წლის „ვოისი“, რომლის ერთადერთი ქართველი მონაწილე იყავით და მას შემდეგ გზა როგორ გაგრძელდა?

ძალიან ვღელავდი. „ბრმა კასტინგზე” 3 მწვრთნელი შემომიტრიალდა, რომელთა შორის ერთ-ერთი გერმანული ბენდის სოლისტი ავირჩიე. ყველა ეტაპი იყო ძალიან საინტერესო. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ პროექტის ყველა მონაწილეს გვქონდა შეგრძნება, რომ ვარსკვლავები ვიყავით. „ვოისის“ მადლიერი ვარ. ეს იყო უდიდესი გამოცდილება. მონაწილეობა ყოველ წელს რომ შეიძლებოდეს, ამას აუცილებლად კიდევ გავაკეთებდი (იღიმის). ნახევარფინალამდე მისვლა შევძელი. მანამდეც და შემდეგაც ხალხის უდიდესი მხარდაჭერა მქონდა, მათ შორის ქართველი ემიგრანტების. დღემდე ისევე მცნობენ ქუჩაში, როგორც პროექტის მსვლელობისას. ნახევარფინალის პერიოდში დამიკავშირდა ერთი პროდიუსერი და მენეჯერი, რომელმაც თქვა, რომ ძალიან სურდა პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამხმარებოდა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ის ჩემი ოფიციალური მენეჯერი გახდა. ერთ დღესაც ლოს-ანჯელესიდან დამიკავშირდა პროდიუსერთა ჯგუფი, რომლებმაც მითხრეს, რომ ჩემი მენეჯერის საშუალებით მათ ჩემი ვიდეოები მოისმინეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს. აღმოჩნდა, რომ მათ ჰქონდათ მუშაობის გამოცდილება ისეთ არტისტებთან და შოუბიზნესის ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ჯენიფერ ლოპესი, ემინემი, დენი ლოვატო და ა.შ. ნახევარი წლის წინ გავაფორმეთ კონტრაქტი და დავიწყეთ ჩემს 3 საავტორო სიმღერაზე მუშაობა. ტექსტისა და მუსიკის ავტორი ვარ მე და ჩემი თანაავტორია ერთი კომპოზიტორი – სიმღერები ერთად მოვამზადეთ. სექტემბერში პირველი სიმღერა სტუდიურად ჩავწერეთ და კლიპიც გადავიღეთ. საამისოდ პროდიუსერების ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან ბერლინში ჩამოვიდნენ. რამდენიმე თვეში კი ჩემი პირველი სიმღერის პრემიერაც შედგება. ნოემბერში მეორე და მესამე სიმღერის ჩაწერა და ასევე კლიპების გადაღებაა დაგეგმილი.

სრული ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ვიდეო: ლიზი გოგუას ლოს-ანჯელესიდან პროდიუსერები დაუკავშირდნენ – გერმანული „ვოისის“ ქართველი ფავორიტის, ლიზი გოგუას წარმატება

გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალისტი ლიზი გოგუა: „მამაჩემს ძალიან მძიმე დაავადება აქვს და ვიცოდი, რომ ჩემი წარმატება მის მდგომარეობაზე ძალიან კარგად აისახებოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები