როდესაც სარა ჰერვიცი ლეპტოპთან ჯდება, ხმების დასახშობად იკეთებს ყურსასმენებს და მის გონებაში მხოლოდ მიშელ ობამას ხმა ისმის. სარა არის ქალი, რომელიც ობამებისთვის გამოსვლის ტექსტებს წერს, მისი დაწერილია ემოციური სიტყვაც, რომლითაც აშშ-ს პირველი ლედი დემოკრატების ყრილობაზე, რამდენიმე დღის წინ წარდგა.
The Washington Post წერს, რომ ჰერვიცი ობამებისთვის უკვე 8 წელია მუშაობს, ექსკლუზიურად მიშელ ობამასთვის კი უკვე – 7 წელია. მიშელი და სარა ერთად ადგენენ ყველა გამოსვლის ტექსტს, რომელსაც სარა წერს და არედაქტირებს.
ჰერვიცი ამბობს, რომ მან ზუსტად იცის, რისი თქმა უნდა მიშელს.
ჰარვარდის სამართლის სკოლის 38 წლის კურსდამთავრებული თეთრ სახლში 2008 წლიდან მუშაობს. მიშელ ობამას ის პირველად წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეხვდა, მეორედ კი მათი შეხვედრა ობამების ჩიკაგოში მდებარე სახლში შედგა.
„მან განმიმარტა, როგორი იყო თავად, საიდან მოდიოდა, რა არის მისი ღირებულებები, რაზე უნდოდა ესაუბრა. მივხვდი, რომ მიშელ ობამამ იცის, ვინ არის და ასევე, ყოველთვის იცის, რა უნდა თქვას,“ – განაცხადა ჰერვიცმა.
ტექსტს სარა წერს, შემდეგ მას მიშელი კითხულობს და საკუთარ შენიშვნებს ურთავს, ამის შემდეგ ტექსტს ჰერვიცი კიდევ ერთხელ გადაწერს და საბოლოო ვერსიაზე თანხმდებიან.