LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ის 20 ათასი მოქალაქე, ვინც რუსეთიდან ბოლო 10 დღეში შემოვიდა – რა რისკები ჩნდება და როგორ ხვდება შესაძლო საფრთხეებს სახელმწიფო

988
fortuna.ge - 2022-03-11T123459.573

საქართველოში სადავო თემებს რა გამოლევს. აი, მაშინაც კი, თუ მეგობარ ქვეყანაში ომია, თუ ჩვენი ხელისუფლება უფრო და უფრო გვაშორებს დასავლეთს და გვაახლოებს რუსეთს, თუ ქვეყანაში ფასები რეკორდულად იზრდება და ბრაზს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოვხატავთ, როცა რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი გადაყლაპვა უნდა, აი, ზუსტად ამ დროს, “შემოაგდებენ” თემას რუსეთზე და ჰოი, საოცრებავ, ისევ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით.

არავის გაგვკვირვებია, როცა გავიგეთ, რომ სანქცირებული რუსეთიდან მოქალაქეები საქართველოსკენ გამოემართნენ. მაშინვე საზოგადოება დაიყო ორ ნაწილად: ჰუმანურებად ანუ იმ ადამიანებად, ვინც თვლის, რომ რუსეთიდან პუტინის რეჟიმს გამოექცნენ და უნდა მივიღოთ და არაჰუმანურებად, ვინც თვლის, რომ 20 წელია პუტინის რეჟიმში ცხოვრობენ, შესაბამისად ახლა, არა რეჟიმს, არამედ სანქციებს გაურბიან. ამიტომ ეს ნაწილი ითხოვს, დაწესდეს მკაცრი სავიზო რეჟიმი და გაიფილტროს რუსეთის მოქალაქეები.

გაფილტვრაზე რომ მიდგა საქმე, მორიგ პრობლემას გადავაწყდით – ეს პრობლემა საქართველოს ხელისუფლებაა, რომელმაც თავი გამოიჩინა გავრილოვის შემოშვებით, “დოჟდის” ჟურნალისტის უკან გაბრუნებით, უკრაინელი ჟურნალისტის – გორდონის არშემოშვებით და სხვა ასეთი “პატრიოტული” ნაბიჯებით. ხოდა, დავრჩით საკუთარი თავის იმედზე, იმიტომ რომ ხელისუფლება ამას არ/ვერ აკეთებს.

პუტინი გახსნილი ძალით ყველა ფრონტზე ვერ იომებს – რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთიდან შემოსული ხალხის დიდი ნაკადი

სანამ რუსეთის მოქალაქეების შემოშვება-არშემოშვებაზე ჩვენ სოციალურ ქსელში ერთმანეთი დავხოცეთ და ლამის ოჯახის წევრები დავკარგეთ, ამასობაში თვითმფრინავი თვითმფრინავზე ეშვება თბილისის აეროპორტში, სადაც ქართველი ჟურნალისტები რუსეთის მოქალაქეებს ხვდებიან და ეკითხებიან: მოსწონთ თუ არა ის, რაც უკრაინაში ხდება – რუსეთის მოქალაქეების პასუხია: არ იციან, რა ხდება უკრაინაში. მორიგ კითხვაზე – იციან თუ არა საქართველო-რუსეთის ომზე, პასუხია: რაღაც გაუგიათ, მაგრამ ახლა რა ხდება არ იციან. თბილისში ჩამოსული რუსები ასევე ამტკიცებენ, რომ რუსეთში სიმშვიდეა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ასეთი ადამიანები უნდა შემოუშვას თუ არა სახელმწიფომ ქვეყანაში? მაგრამ რაღა დროს “უნდა შემოუშვან” არის – უკვე შემოვიდნენ. აი, აქ უკვე ბიზნესმა და ბინების მეპატრონეებმა თავად დაიწყეს მათი გაფილტვრა. რისკებსა და მოსალოდნელ პრობლემებზე ჩვენ ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები ჩავწერეთ

რამდენი ადამიანი შემოვიდა რუსეთიდან საქართველოში სანქციების შემდეგ         

 

თუ შსს მინისტრს დავუჯერებთ, 24 თებერვლიდან – 9 მარტამდე,  20 ათასზე მეტი ადამიანია შემოსული, მისივე თქმით, მათგან 3000-ს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია.

სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებელი საზღვარზე თუ ბანკებში რუსეთის მოქალაქეთა გრძელ რიგებზე საუბრობს, ნაწილი — უძრავ ქონებაზე რუსეთიდან გაზრდილ მოთხოვნას ახსენებს, სხვები კი — რუსეთის მოქალაქეთა მიერ ბიზნესების რეგისტრაციის ინტენსივობაზე ლაპარაკობს.

"რუსებო, არ ინერვიულოთ, ეს ნორმალური პროცესია..." - ვინ ამშვიდებს საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს

"იმედია, ეს ინფორმაცია გარკვეულ შვებას მოუტანს მათ, ვისაც წუხს ამ ნაკადების გამო"

ასევე გავრცელდა “ტელეგრამის” ჩატებიდან სქრინები, საიდანაც ჩანდა, რომ რუსეთის მოქალაქეები ინტერესდებოდნენ საქართველოში ცხოვრების ხარჯებით, სამსახურით და სხვა ასეთი საკითხებით.

ამან მოქალაქეების ნაწილში, პანიკა გამოიწვია, იხსენებდნენ, აფხაზეთის და თუნდაც ახლა, უკრაინის შემთხვევას, როცა პუტინი თითქოსდა იქ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით შევიდა. ამიტომ საქართველოში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის პარალელურად, შესაძლოა, პუტინის მადაც გაიზარდოს.

ცოტა ხნის წინ კი სუსმა თქვა, რომ ისინი საზღვარს აკონტროლებენ. “ცხადია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტროლი ხორციელდება როგორც სახელმწიფო საზღვარზე, ასევე ქვეყნის შიგნით. განხორციელებული კონტროლის მექანიზმები არის კომპლექსური და შედგება რამდენიმე ეტაპისგან. რა თქმა უნდა, აღნიშნულის შესახებ საჯაროდ ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. დაუშვებელია კონტროლის რამდენიმეშრიანი მექანიზმების შესახებ ღიად საუბარი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ უსაფრთხოების გარემო დაცულია”, – უთხრეს რადიო თავისუფლებას სუს-ში.

 

 

ხელისუფლების პირველი რეაქცია რუსების შემოსვლაზე

 

შეხედა ამ ხელისუფლებამ სოციალურ ქსელში ჩვენს აყალ-მაყალს რუსეთის მოქალაქეების შემოშვება-არშემოშვებაზე, ბევრი არ უფიქრია, ან საერთოდ არ უფიქრია და გამზადებული იდეა ჩრდილოელი ძმისგან მიიღო და საკუთარ მოქალაქეებს დაემუქრა.

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბიზნესის მიერ წარმოწყებული კამპანიის უკან ოპოზიცია დგას და ეს „დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა“.

მდინარაძე: ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იცლიან ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების გასაკეთებლად

საომარი მოქმედებების კვალდაკვალ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას გაჩაღებული აქვს მძლავრი საინფორმაციო ომი საქართველოს ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - აცხადებს მდინარაძე.

„ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს“, – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, კერძო კომპანიები რუს მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან და „დისკრიმინაციულ დათქმებს“ უწესებენ.

„მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს“, – აცხადებს კობახიძე.

 

 

“არ არსებობს კოლექტიური დანაშაული” – ექსპერტები რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე 

 

ბოლო დღეებია, არ წყდება, არგუმენტირებული მსჯელობა, რა სჯობს და როგორ, როცა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზეა ლაპარაკი. პოლიტოლოგმა გია ნოდიამ გვითხრა, რომ პრობლემა ზოგადად რთულია.

“რაც შეეხება რუსების მოწყდომას ომის ფონზე. პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემა რთულია. რთულია არა მხოლოდ იმ აზრით, რომ ამ ხალხის დიდ ნაწილს ჩვენთვის მიუღებელი ღირებულებები აქვს და მათი აქ ყოფნა შეიძლება ჩვენთვის საზიანო იყოს (ნამდვილად), არამედ იმ აზრითაც, რომ გადაწყვეტილების მიღებაა რთული: როგორი პოლიტიკაა სწორი.

ყველა შემოუშვა? არ ვარგა. არავინ არ შემოუშვა? არ ვარგა. … მოკლედ, ამ მხრივაც შარში ვართ, მაგრამ რაც საქმის მორალურ მხარეს ეხება, ერთი რამ სულ უნდა გვახსოვდეს: არ არსებობს კოლექტიური დანაშაული.
როგორც კი ნაბიჯს დგამ კოლექტიური დანაშაულის აღიარებისკენ, ანუ ინდივიდს განსჯი მისი ეთნიკური კუთვნილების, მოქალაქეობის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ან სხვა ნიშნით, თუნდაც ამ წუთში ეს ემოციურად სწორი გეჩვენებოდეს, რაღაც სახის ფაშიზმისკენ დგამ ნაბიჯს.
თუმცა, არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა. რუსები, კოლექტიურად, პასუხს აგებენ პუტინის ხელისუფლებაზე, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ ვაგებთ პასუხს ბიძინას და მისი ვეზირების მმართველობაზე. როგორ მოპყრობასაც რუსები იმსახურებენ იმის გამო, რომ პუტინი ჰყავთ, ჩვენც სხვები იქიდან გამომდინარე უნდა მოგვეპყრონ, რომ ბიძინა და მისი სასტავი გვყავს”, – ამბობს გია ნოდია. 
სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი კი , რომელიც ამჟამად 4 დღიან პატიმრობაშია, სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი მიუძღვნა ამ თემაზე. ის ამბობს, რომ სავიზო რეჟიმი იმისთვის არსებობს, რომ გაარჩიო მტერი, არც ისე მტერი, თუ მოყვარე.
“ვფიქრობ, ვიზას უნდა დაემატოს ოკუპაციის მოსაკრებელიც, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიით დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის სპეციალურ ფონდში წავა. ასევე, რუსმა ტურისტებმაც უნდა მოაწერონ ხელი დოკუმენტზე, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რომ პატივს სცემენ ჩვენს საზღვრებსა და სუვერენიტეტს და აღიარონ პუტინი სამხედრო დამნაშავედ. მერე მოვიდნენ და იმპერიაზე ჩუმი დარდი ღვინით გამიქარვონ. ოღონდ ეგეც ბევრი ღრიანცელის გარეშე. აგრეთვე მივესალმები კერძო სექტორის მიერ რუსებისთვის მათ პროდუქტებსა თუ სერვისებზე სპეციალური, მაღალი ფასის დაწესებას”, – წერს აქტივისტი.

რა პრობლემები ჩნდება ბინის გაქირავებისას, როცა საქმე უცხოეთის მოქალაქეს ეხება

რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის გამო, ყველაზე მეტი კითხვა ბინის გაქირავებაზე გაჩნდა. ერთია, თავად გამქირავებელი რას გადაწყვეტს და მიაქირავებს თუ არა ფართს რუსეთის მოქალაქეს და მეორეა – რამდენად არსებობს რისკი და საფრთხე, რომ უძრავი ქონება დაკარგოს. ადვოკატმა თინათინ ჭიხორიამ გვითხრა, რომ ეს საფრთხე რეალურია.
“ჩვენი კანონმდებლობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ხელშეკრულება დავდოთ წერილობით ან ზეპირი. წერილობითი დროსთან არის დაკავშირებული, ნოტარიუსთან მისვლაა საჭირო, თუ უცხოენოვანი მოქალაქეა, უნდა ვთარგმნოთ და ა. შ. ამიტომ ზეპირად თანხმდებიან ხოლმე, მაგრამ იურიდიული ძალა აქვს წერილობით ხელშეკრულებას. ყველა დეტალი უნდა გავითვალისწინოთ. ერთი შეხედვით, შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ბოლოს გადამწყვეტი აღმოჩნდეს.  უნდა გავარკვიოთ ვისზე ვაქირავებთ ბინას, არის თუ არა ის მოვალეთა რეესტრში, თუ პირის მიმართ აღსრულებაა დაწყებული, შეიძლება ჩვენი სახლი დაყადაღდეს, იქ არსებული ნივთები დაყადაღდეს, ეს მერე დროში იწელება.
ხელშეკრულებაში ყველაფერი დეტალურად ჩავწეროთ, როდის იხდის თანხას, ინვენტარი აღვწეროთ, რა ნივთებია და რა მდგომარეობაშია. ასევე სარემონტო ხარჯებს ვინ გასწევს, ესეც უნდა ჩაიდოს, ზოგადად, მეპატრონის გარეშე სარემონტო სამუშაოების ჩატარება შეიძლება. გამოსახლებას რაც შეეხება, ეს ხდება, როცა 3 თვის მანძილზე თანხას არ იხდის, ან ხელშეკრულება იწურება”, – ამბობს ჭიხორია. 

როგორც იურისტმა გვითხრა, თუ კონკრეტულად ეროვნების გამო არ მივაქირავებთ ბინას მოქალაქეს, მან შეიძლება დისკრიმინაციის გამო გვიჩივლოს და მოარალური ზიანისთვის კომპენსაცია მოითხოვოს, თუმცა ბინის მეპატრონეს შეუძლია, სხვა ნებისმიერი მიზეზი დაუსახელოს, რის გამოც ბინას არ მიაქირავებს. რაც შეეხება დევნილის, ლტოლვილის სტატუსს, როგორც ირკვევა, ეს ვერ იქნება რუსეთის მოქალაქისთვის არგუმენტი, რადგან ომი რუსეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და მას ეს სტატუსი ვერ ექნება.