LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის 9 აპრილის გმირი გოგონა, რომელიც იური მეჩითოვის ცნობილ ფოტოზეა გადაღებული: „საქართველო არის ქვეყანა რომლისთვისაც ვცოცხლობ“

643
news

9 აპრილი ბევრ გმირთან და რამდენიმე სიმბოლოსთან ასოცირდება –  სიმღერა „ტიტები”, რუსულ ტანკთან ჯოხით მებრძოლი ბიჭი,  შავდროშიანი გოგონას ფოტო…

ფოტოს ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი იური მეჩითოვია. მეჩითოვი  „ფორტუნასთან”  ფოტოს გადაღების ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ ფოტოგრაფიაში მსგავსად წარმატებული კადრი იშვიათია. სურათი მხატვართა სახლის წინ არის გადაღებული.

„მეგობრის მანქანის სახურავზე ვიდექი როცა შავდროშიანი მანქანა გამოჩნდა, განრისხებული გოგო , დარბევის შოკით ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები…   ფოტო რამდენიმე კადრად გადავიღე,  ფოტოგრაფს კადრის გადაღებისას აქვს შეგრძნება, რომ ეს სწორედ ის კადრია, ყველაზე მნიშვნელოვანი და მაშინაც ეს შეგრძნება მქონდა”- აღნიშნავს იური მეჩითოვი.

ფოტო პირველად გაზეთ „ქართულ ფილმში” ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში დაიბეჭდა, და მაშინვე გაჩნდა კითხვა:  ვინ არის ფოტოზე ?

იური მეჩითოვი ამბობს, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანზე აწვდიდნენ დაუზუსტებელ ინფორმაციას,  ფოტოზე რეალურად ასახული გოგონა კი საზოგადოებამ  ტრაგედიიდან თითქმის 25  წლის შემდეგ გაიცნო. ნანა მახარაძე ახლა ემიგრაციაში იმყოფება, ,,ფორტუნა” მას იტალიაში დაუკავშირდა.

„9 აპრილის დილას სახლიდან ბიძაშვილთან ერთად ხელნაკეთი დროშით გამოვედი, ძალიან გაბრაზებულები ვიყავით მომხდარით, მარჯანიშვილზე ძველ კინოსტუდიასთან ჩვენთვის სრულიად უცხო ბიჭები შეგვხვდნენ და გვითხრეს, რომ რუსთაველზე წასვლა საშიში იყო , შემდეგ დახმარება შემოგვთავაზეს და საკუთარი მანქანით წაგვიყვანეს, დღემდე არ ვიცი მათი ვინაობა, უბრალოდ, დავდიოდით ქუჩებში სიგნალებით და ვაპროტესტებდით მომხდარს  ”– იხსენებს  ნანა მახარაძე.

ფოტოს გმირმა საკუთარი თავი ჟურნალის ფურცლებზე 9 აპრილის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში იპოვა.  ფოტოს გამო რაიკომის თანამშრომელმა მამიდამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ძმისშვილის გამო საყვედურიც კი მიიღო.

ნანა მახარაძე საქართველოდან ემიგრაციაში 2011 წელს წავიდა და სულ რამდენიმე დღის წინ იტალიაში დაქორწინდა. იტალიელი მეუღლე ხუმრობს, რომ ცოლად საქართველოს თავისუფლების სიმბოლო მოიყვანა, თავად ფოტოს გმირი კი ამბობს, რომ ფოტო საკუთარ თავთან არასოდეს გაუიგივებია და კადრში რიგით ქართველ გოგონას ხედავს იმ ათასიდან, ვინც აპრილის დღეებში თავისუფლებისთვის იბრძოდა.

„იტალიამ მე მეორე სიცოცხლე მაჩუქა,  საქართველო კი არის ქვეყანა, რომლისთვისაც ვცოცხლობ”, – ასე დაასრულა „ფორტუნასთან” საუბარი 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულმა ფოტოს გმირმა.

ცნობილი ფოტო გოგო შავი დროშით  რამდენიმე წიგნშიც მოხვდა და დღეს ოკუპაციის მუზეუმშია გამოფენილი, კადრის ნეგატივი კი დღემდე ავტორთან, იური მეჩითოვთან ინახება .

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები