19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დასკვნის ზოგიერთი დეტალი არაერთგვაროვნადაა ინტერპრეტირებული, რამაც საზოგადოებაში კიდევ უფრო ბევრი კითხვა გააჩინა.
ექსპერტებისთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი გვამური გაშეშებაა. შაქარაშვილის დაკარგვიდან მის პოვნამდე 84 საათია გასული. ექსპერტები განმარტავენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გაშეშება ვერ გაგრძელდება, სამხარაულის დასკვნაში კი წერია, რომ შაქარაშვილის ცხედარზე “გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში”.
ამის შესახებ პირველად უკრაინელმა კრიმინალისტმა გალინა კარმოშინამ ისაუბრა (ვის შესახებაც არაერთგვაროვანი ინფორმაცია გავრცელდა).
„გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“ – მექანიკური შეცდომაა“, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე უკრაინელი ექსპერტის, გალინა კარმოშინას.
დღეს კი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ: „შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს“.
„ფორტუნასთან“ საუბარში დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი განმარტავს, რომელ ექსპერტს შეიძლება ვენდოთ.
ქალბატონო მაია, რომელ ექსპერტს უნდა დავუჯეროთ, სად შეიძლება იყოს სიმართლე?
ვის უნდა დავუჯეროთ, ნამდვილად არ ვიცი, მით უფრო, რომ „გვამური გაშეშების“ ნახვას აქვს თავისი წესი. ფოტოებით „გვამური გაშეშების“ დადგენა შეუძლებელია და არასერიოზულია.
უკრაინელი ექსპერტი ამ შემთხვევაში ვერ იქნება კომპეტენტური?
მგონი, ის დაეყრდნო იმ ჩანაწერს, სადაც წერია, რომ „გვამური გაშეშება“ გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში. ზოგადად „გვამური გაშეშების“ დადგომა დამოკიდებულია გარემოპირობებზე, ტემპერატურაზე და და გარდაცვლილის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. მაგალითად სპორტსმენებში, რომლებიც ფიზიკურად ვარჯიშობენ, „გვამური გაშეშება“ უფრო ადრე იწყება და უფრო დიდხანს რჩება. ეს ცნობილი ფაქტია. ასაკოვნებში და უფრო გამოფიტულ ადამიანებში ძალიან სუსტად ვითარდება და შესაძლოა, იმდენად ადრე მოიხსნას, რომ შეცდომაში შეიყვანოს ექსპერტი. ეს სიკვდილის ხანდაზმულობის დადგენის ერთ ერთი და არა ერთადერთი ნიშანია.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გვამის წყლიდან ამოყვანისას შეცდომა დაუშვეს, რამაც გვამური გაშეშება მოხსნა?
გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში თუ გვამი გადაადგილე, შეიძლება გაგრძელდეს გაშეშება, მაგრამ მოგვიანებით თუ გაშეშებას მოხსნი, ის თავიდან არ ვითარდება. ხელებით და ფეხებით რომ ამოიყვანეს, იქ გაშეშება როგორ გაჩნდა, გასაკვირია. მაგრამ ზოგადად გვამური გაშეშება შესაძლოა, 3-დან 7 დღემდე იყოს შენარჩუნებული. ყველაფერი დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე და იმაზე, იგივე წყალში რა ტემპერატურა იყო. თუ ადამიანმა ირბინა და კუნთები დატვირთულია, ამ დროს გვამური გაშეშება უფრო ადრე დაიწყება და უფრო დიდხანს შენარჩუნდება.
რომელი ექსპერტი ამბობს მართალს, რომელს უნდა ვენდოთ?
მე მსაჯულად ვერ გამოვდგები, რადგან წინ არის კომისიური დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნასთან მეც მაქვს შეკითხვები, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვი, რადგან არ ვარ ჩართული საქმეში. ჩემი პირადი აზრით, როდესაც გვამი წყლიდან ამოყავდათ და ხელს კიდებენ მის ხელებს და ფეხებს ამოძრავებენ, „გვამური გაშეშება“ უნდა მოიხსნას და დასკვნის მიხედვით რომ არ არის მოხსნილი, ძალიან მიკვირს.
ფიქრობთ, რომ დასკვნაში შეცდომაა?
არ მინდა, ამ ტერმინოლოგიის გამოყენება. ჩვენი სპეციალობა ძალიან უცნაურია. ჩემი თვალით როცა ვნახე, შემიძლიათ ზუსტად გითხრათ. რა იყო სინამდვილეში არ მინახავს, მაგრამ დასკვნაში წინააღმდეგობები ნამდვილად არის. წინააღმდეგობები კი ბევრი შემხვდა. განსაკუთრებით იმ უკრაინელი ქალბატონის ექსპერტს რომ მოვუსმინე, ქალას ფუძის მოტეხილობაზე, ყველა საზღვარს გასცდა. პროფესიულად ეს არის ძალიან არასერიოზულობა. არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ წყალში დამხრჩვალი ადამიანის პირი გამომშრალია. მე წავიკითხე ეს ნაწილი დასკვნაში. პირის გამოშრობა იქ არაფერი წერია. აღნიშნულია, რომ ტუჩის ადგილია გამომშრალი. ეს გამოშრობა ჩვეულებრივი გვამური პროცესია. ჰაერზე ამოიყვანეს და გამოშრობა დაიწყო. იმ დასკვნების გაკეთება, რაშიც ეს ქალბატონი წავიდა, მინდა ტერმინოლოგია თავშეკავებულად გამოვიყენო. გამოვიყენებ ყველაზე მსუბუქ გამოთქმას და ვიტყვი, რომ არასერიოზულია.
რატომ ჩათვალა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ, რომ დასკვნაში მექანიკური შეცდომა გაიპარა?
სამხარაულის ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე და ჩვენ ვართ კონკურენტები. ძალიან ხშირად გვიწევს კონკრეტულ საკითხებზე სერიოზული პროფესიული კამათი. პროფესიულ დავაში ახლა ვერ შევალ, და ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტა ასეთი კომენტარის გაკეთება. არგუმენტაცია მან უნდა მოიტანოს, რატომ ჩათვალა, რომ დასკვნაში შესაძლო იყო მექანიკური შეცდომა ყოფილიყო.
ექსპერტიზის დასკვნის გაცნობიდან და საქმიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ის შესაძლოა ორი დღე უგონო მდგომარეობაში იყო და შემდეგ აღმოჩნდა წყალში, თუ შეიძლება დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ 4 დღე, როდესაც ის დაკარგულად ითვლებოდა, წყალში გაატარა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უბრალოდ შეუძლებელია. გამოვა, რომ უკრაინელი ექსპერტის მსგავსად მოვიქცევი. ეტყობა, რომ სასამართლო მედიცინა მან იცის, მაგრამ უკვე შემდეგ მსჯელობებში შევიდა საქმის მასალების გარეშე და იმიტომ რომ იყო, რომ გაოგნებული, თმები ყალყზე მედგა, რომ ვუსმენდი ზოგიერთ მის მსჯელობას. მასალების დეტალურად გაცნობის გარეშე კომისიის წევრიც რომ ვიყო, გეტყოდით, რომ ვერ გიპასუხებთ-მეთქი.
კომისიის დასკვნის გარეშე ამ კითხვაზე თუ ვინმე გაგცემთ პასუხს, უბრალოდ არასერიოზული იქნება. თქმით კი შეიძლება ყველაფერი თქვას ადამიანმა.
თუ საქმეში რაიმე აწეწილია, მისი დალაგება ყოველთვის შესაძლებელია. კომისიური დასკვნითაც არ იწურება ყველაფერი. ძალიან ცუდია, როდესაც ერთი ექსპერტი ერთს ამბობს და მეორე მეორეს. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი საყურებელია. მესმის, რომ ამ ყველაფრის მოსმენა ცუდია, მაგრამ ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ.