გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული გიორგი ტატიაშვილის ადვოკატს ეჭვი აქვს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია და შემდეგაა ჩაგდებული მდინარეში. გიორგი ყიფშიძის თქმით, ცხედარი 24 საათის განმავლობაში წყლის ზედაპირზე ამოტივტივდებოდა, თუმცა ის მხოლოდ 4 დღის შემდეგ იპოვეს, რაც მას უჩენს ეჭვს, რომ გარდაცვლილი შაქარაშვილის ცხედარი რამდენიმე დღე გადამალული ჰყავდათ და შემდეგ გადააგდეს მდინარეში. ადვოკატის განმარტებით, გარდაცვლილს გულმკერდის არეში ზეწოლის კვალი აღენიშნება, რაც მისივე თქმით შესაძლოა ხელოვნური სუნთქვის ჩატარების კვალი იყოს.
“24 საათის განმავლობაში, როგორც წესი, წყლიდან უნდა ამოტივტივებულიყო, თუმცა 4 დღე ეძებეს და ამოტივტივებული არ იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი და არ გამოვრიცხეთ, რომ 4 დღე წყალში არც ყოფილა. სიტყვაზე ვთქვათ, ვინმეს ცოდნოდა სად იყო მიცვალებული, აეღო და ჩაეგდო წყალში. ეჭვი გაგვიჩნდა, მაგალითად, მკერდზე რაღაც ზეწოლის კვალი ჩანდა, ამაზე ექსპერტიც საუბრობს, ვიღაც შეეცადა გაეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა, ასეთ დროსაც გულმკერდის დაზიანება ხდება, შეიძლება გემატომური რაღაც გამოიწვიოს, როცა ფიზიკურად ძლიერია ადამიანი ამას ახორციელებს”, – აცხადებს გიორგი ყიფშიძე.