აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ბელარუსში ზოგიერთი პირისთვის სანქციების დაწესების განხილვა იწყება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის ერთ-ერთი კოორდინატორია. ოპოზიციამ ეს განცხადება ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების დასაწყისად მიიჩნია. შესაძლოა, თუ არა პროცესის ამგვარი განვითარება საქართველოში – ამ კითხვით „კვირის პალიტრამ“ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს დაუსვა.
თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი.
“მოდი, ასე შევხედოთ პროცესს:
ივანიშვილი არის ძალიან ჭკვიანი და ფრთხილი ადამიანი. კაცი, რომელსაც მილიარდები აქვს ნაშოვნი, რატომ ჩაიგდებს თავს საფრთხეში, არ მესმის… თანაც სანქციები რომ დაუწესონ, ამის საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს?! მაგალითად, არსებობდეს ფაქტები, რომ ის ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან არის გარიგებული და უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს…
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ჰიპოთეზურად დავუშვათ, რომ სანქციებს დაუწესებენ, არის ვარაუდი, რომ ის საქართველოს არაფორმალურად მართავს, მაგრამ ამის მტკიცებულებებიც არ არსებობს. როგორ დაუმტკიცებენ, რომ მართლაც მართავს?
თანაც გაითვალისწინეთ, რომ ის არის საფრანგეთის მოქალაქე და ამ ქვეყნის საპატიო ლეგიონის ორდენიც მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ვიღაც რუსმა რომ დაურეკა და ბორენკა ეძახა, ამის გამო შეიძლება სანქციები დაუწესონ? შეიძლება მაკფოლს უთხრა ვიღაცამ, ივანიშვილი ეხმარება რუსეთსო და ამის შემდეგ გადაწყდა, შეესწავლათ ეს საკითხი, მაგრამ ისმის კითხვა: როდესაც შეისწავლიან, რას იპოვიან?
ვიმეორებ, ის არის ძალიან ფრთხილი ადამიანი. როდესაც 2011 წელს პოლიტიკაში გამოგვეცხადა, დაიწყეს აქტიურად მუშაობა, რომ მასზე რაიმე კომპრომატი ეპოვათ, მაგრამ ვერაფერი უპოვეს.
თუ რამეს აფუჭებს, ფაქტია, ისე შლის ნაკვალევს, რომ ამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩემი აზრით, ბოლო ხანს ცდილობს, არაფერი გააფუჭოს, რადგან ახლა იმ ასაკშია, ყველაზე მეტს პირად სიმშვიდეზე, ოჯახისა და დაგროვილი მილიარდების უსაფრთხოებაზე ფიქრობს.
მოკლედ, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ის ადვილად არ გაეხვეოდა ისეთ შარში, რაც სანქციებამდე მიიყვანს, თუმცა ეს ჩემი აზრია… შეიძლება ვცდები და ივანიშვილი იმაზე ნაკლებად ჭკვიანია, ვიდრე მგონია…“. – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.