LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიდექი, ჩავსველდი და ამოვბრუნდი უკან” – რატომ მცირდება და ძვირდება წვიმის დროს ტაქსები

27

წვიმა თბილისში საკმაოდ პრობლემურია. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე არხები საცობების ქალაქის სრულად პარალიზების მიზეზი ხდება.

მცირე წვიმის შემდეგაც კი, ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი ხდება როგორც ფეხით (გუბეების გამო), ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით…

ამ დროს მოთხოვნა იზრდება სწორედ ტაქსებზე, რომლებიც თავის მხრივ, წვიმიან დღეებში სტანდარტულზე მაღალ ტარიფებს აწესებენ.

“გუშინ, სალონიდან გამოსულმა ტაქსი ვერ გამოვიძახე, ერთის გაჩერება მოვახერხე დიდი ხნის შემდეგ და სტანდარტულ ტარიფზე 3-4 ლარით მეტი მომთხოვა. ბოლოს სტილისტს შევეცოდე და იმან წამომიყვანა სახლში”, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩვენთან.

ტაქსების გაძვირებაზე და წვიმის დროს მათ სიმცირეზე სოციალურ ქსელშიც აქტიურად იწერება, უმეტესად უცენზუროდ.

“ამ ქალაქის დ*** საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ არაა გამართული.

და იმ ტაქსისტების დ***, მგზავრს რომ ეუბნებიან, მაქეთ არ მივდივარო.

გეგონება ამ ქალაქის სიძულვილისთვის მიზეზი მაკლდეს.

P.S. ვიდექი ტელევიზიასთან, ჩავსველდი და ამოვბრუნდი უკან”, – წერს სოსო კაციტაძე ფეისბუქზე.

 

 

“მძღოლები წვიმაში მუშაობაზე უარს ამბობენ”

რა განაპირობებს ფასების ზრდას? საცობების სიგრძე თუ გაზრდილი მოთხოვნა? ამის შესახებ “ფორტუნა” ტაქსის კომპანია “200 – 200”-ის დირექტორს ნიკა ხოფერიას ესაუბრა.

როგორც მან განაცხადა, წვიმის დროს ქალაქში გადაადგილებას 3-ჯერ მეტი დრო სჭირდება, ამის გამო, მეტი საწვავი იხარჯება და შესაბამისად, ხარჯიც მეტია.

ხოფერია იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც, თბილისში წვიმის დროს, ცარიელი ტაქსის პოვნა ფანტასტიკის სფერო ხდება.

“ჩვენთან ფიქსირებული ფასებია და ტარიფი არიზრდება, თუმცა გუშინ, იმის გამო, რომ გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი

გახდა, მძღოლებმა მუშაობა შეწყვიტეს. თუ ამ დროს მძღოლმა სამუშაო 15–20 წუთში უნდა შეასრულოს, ასრულებს რამდენიმე საათში. ბუნებრივია, რომ არ უღირთ იგივე ტარიფზე მუშაობა. მოთხოვნა ამ შემთხვევაში ფასებთან არაფერ შუაშია”, – განაცხადა ნიკა ხოფერიამ “ფორტუნასთან”.

თუმცა, არსებობს კომპანიები, მაგალითად “იანდექსი”, რომლის აპლიკაციაც ფასებს მოთხოვნის მიხედვით ზრდის.

გამოდის, რომ ფიქსირებული ტარიფების მქონე მძღოლები, წვიმის დროს მუშაობას წყვეტენ, ხოლო სხვა კომპანიები ფასებს აძვირებენ. სწორედ ამის გამო, ქალაქში ტაქსების რაოდენობა იკლებს, ხოლო მათი მომსახურების ფასი იზრდება.

ამ პრობლემას კი ერთადერთი რამ – ქალაქის საცობებისგან განტვირთვა სჭირდება, რაც ჯერჯერობით მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებების დონეზე რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები