LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეომონიტორინგთან ერთად დაფიქსირდა აუდიოჩაწერის შემთხვევები – რა დარღვევები აღმოაჩინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა

201
Untitled

რიგ შემთხვევებში ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობაზე გამაფრთხილებელი ნიშნები არ არის განთავსებული და შესაბამისად, ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობს მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების გარეშე და ერთეულ შემთხვევებში, ასევე, დაფიქსირდა ვიდეომონიტორინგთან ერთად აუდიოჩაწერის შემთხვევები, რომლის საჭიროება ორგანიზაციაში არ არსებობდა, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სხვა საჯარო დაწესებულებებში, სამედიცინო დაწესებულებებში, კერძო კომპანიებსა და საცხოვრებელ შენობებზე დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 30 შემთხვევა შეისწავლა.

უწყების ცნობით, გამოვლინდა 19 სამართალდარღვევა და სამართალდამრღვევ პირებს დააკისრეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ასევე, მონაცემთა დამმუშავებლებს მიეცათ შესასრულებლად სავალდებულო 65 დავალება და 12 რეკომენდაცია.

ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით მონაცემთა დამუშავების შესწავლილმა პროცესებმა ცხადყო, რომ ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას საჯარო და კერძო დაწესებულებებს მონაცემთა დაცვის მიზნით არ აქვთ მიღებული საკმარისი ზომები.

 

კერძოდ:

  • არ აღირიცხება ვიდეოჩამწერ სისტემაში შესვლის, ჩანაწერების დათვალიერების, გადმოწერის, წაშლისა და ვიდეოჩანაწერების მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევები, რაც შეუძლებელს ხდის მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებას, მონაცემთა გამჟღავნების შემთხვევების აღმოჩენასა და კანონიერების შემოწმებას;
  • დაწესებულებებში დასაქმებული სხვადასხვა პირი ვიდეოთვალთვალის სისტემაზე წვდომისათვის სარგებლობს საერთო მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რაც საფრთხეს უქმნის მონაცემთა უსაფრთხოებას და შეუძლებელს ხდის მონაცემებზე წვდომის განმახორციელებელი პირის დადგენას;
  • რიგ შემთხვევებში არ არის დაცული ვიდეოჩამწერი მოწყობილობის ფიზიკური უსაფრთხოება – კამერები და ვიდეოჩამწერი მოწყობილობები განთავსებულია ოთახში, რომლის კარი არ იკეტება გასაღებით, რაც ქმნის მონაცემებზე არაუფლებამოსილ პირთა წვდომის რისკს;
  • დაწესებულებებს არ აქვთ შემუშავებული წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება ვიდეომონიტორინგის წესი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები, ვიდეოჩანაწერებზე წვდომის მქონე პირთა წრე და უფლებამოსილებები”. – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 241 გვერდისგან შემდგარი დოკუმენტი, რომელიც პარლამენტს წარედგინა, დეტალურ ინფორმაციას მოიცავს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობის, ამ მიმართულებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის, გამოვლენილი გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.