ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ „ყოველთვის მხარში ედგა საქართველო უკრაინას, კვლავ გვერდში დაუდგება, მაგრამ ომში მყოფმა ქვეყანამ არასწორი რაღაცებით არ უნდა მოგვმართოს ხოლმე“. როგორც ქადაგებისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, „ორი სამყარო დაეჯახა ერთმანეთს, ერთი ცივილიზებულია და მეორე ძალაზე დამყარებული“.
მეუფე იაკობის თქმით, „ქართველი ყოველთვის დგებოდა სიმართლის მხარეს და იქ, სადაც იყო ღმერთი“.
მიტროპოლიტმა ქადაგებისას შერიგებაზეც ისაუბრა.
„სანამ ცივილიზაციის სათავეში მყოფი ქვეყნები არ შეთანხმდებიან მეორე ცივილიზაციასთან, რომელიც ძალის გამოყენებაზეა, მანამდე სამწუხაროდ, თავი არ მოვიტყუოთ, ეს ომი არ დამთავრდება. ღმერთმა ინებოს, რომ მსხვერპლი ნაკლები იყოს და ომი მალე დამთავრდეს. ჩვენ უნდა ვილოცოთ. ამ დიდ მარხვაში იმის მაგივრად, რომ იმაზე ვფიქრობდეთ, რომ მაცხოვარი ისევ მრავალჯერ ჯვარს არ ვაცვათ… ამ ომით ქრისტიანობის დამტკიცება ხდება, თუ რა ხდება?
უკრაინა თავს იცავს. ჩვენ რომ შემოგვივარდნენ, ან ნებისმიერ ქვეყანას შეუვარდნენ, თავს დავიცავთ ხომ? ყველანი თავს დავიცავთ და უფლება კი არა, ჩვენი მოვალეობაც არის და ღირსების საკითხია. ღმერთმა ინებოს, რომ ყველასთვის ნაკლები ტკივილით დამთავრდეს. თორემ ნახეთ უკვე, რამდენი ტკივილია. მსოფლიო შეეცდება, რომ უკრაინის ტერიტორიიდან არ გავიდეს. უკრაინაც ფიქრობდა ისე, რუსეთთან მიმართებაში სანამ ახლიდან არ შეუვარდა, დიპლომატიური ურთიერთობებიც არ ჰქონდა გაწყვეტილი, ახლა გაწყვიტა ხომ? ომის მთავარი ფინანსური წყაროა გაზი და ნავთობი, ქვანახშირი. ისევ იმ ტერიტორიაზე გადის და ისევ ცივილიზებული მსოფლიოს დიდი ნაწილი იღებს, ხალხს ხომ არ გავყინავთ, მაგრამ ამით ძალიან დიდი ფული შედის და ის ფული აწარმოებს კიდევ ომს.
რეალურად ვთქვათ, საქართველოს რაღაცას სთხოვენ. გავიხსენოთ, რომ ჩვენ ყოველთვის მხარში ვედექით და მხარში დავუდგებით უკრაინას, მაგრამ ომში მყოფმა ქვეყანამ არასწორი რაღაცებით არ უნდა მოგვმართოს ხოლმე. ადამიანები ვართ და ხშირად შეიძლება შეგვეშალოს, ხშირად შეიძლება სულმოკლეები ვიყოთ, ვიღაცაზე რაღაცის გადაბრალება გვინდოდეს, მაგრამ როცა ბოდიშია მოსახდელი, როცა შენდობაა სათხოვნელი, ქრისტიანები ვართ და ერთმანეთს შენდობაც უნდა ვთხოვოთ. როგორ შეიძლება, რომ ხალხს უჭირს და იქ არ ვიდგეთ?
4 მილიონზე მეტი ადამიანია გასული უკრაინიდან საზღვარგარეთ, თავისი ქვეყნიდან აყარეს გაიყვანეს, სადღაც 7 მილიონამდე ადამიანი თავის ქვეყანაში არის გადაადგილებული, თავიანთ სახლებში ვერ ცხოვრობენ და რატომ უნდა ფიქრობდნენ ჩვენზე, რომ თურმე ქართველების ბრალია, მასე რომ დაემართათ? ეს ხომ იდიოტობაა და იდიოტები აკეთებენ მაგას, ეს ხომ მტრობაა საერთოდ. ჩვენ – ქართველები ხომ ცივილიზებული ხალხი ვართ. ჩვენ ჩვენი მტერიც გვიყვარს, პირადი მტრებიც კი, როდის იყო საომარი, რომ არ გვეომა ჩვენ. უკრაინაში ვინც გარდაიცვალა, არა მარტო ქართველები, ნებისმიერი ადამიანი ძალიან მტკივნეულია და რისთვის ვკვდებით?
ეს ხომ არის – ორი სამყარო დაეჯახა ერთმანეთს, ერთი ცივილიზებულია და მეორე არის ძალაზე დამყარებული. მალე მორჩება ეს, დიდი ხანიც არ გაგრძელდება და უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენც დავეხმაროთ. უფალს ვთხოვოთ, როცა არ გინდა ომი, არ იქნება ომი. როცა გინდა ომი, იქნება ომი, მაგრამ ომში ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.
ქართველი ყოველთვის დგებოდა სიმართლის მხარეს და იქ, სადაც იყო ღმერთი და ცოტა ზედმეტ ლაპარაკს ჩვენ ერზე შევეშვათ და შიგნითაც იცოდნენ იმათ, რომ უნდა გავერთიანდეთ. არ შეიძლება ერთმა მხარემ მეორეს აგინოს, მეორეს მესამეს და ასე ერთმანეთს ვაგინოთ.
როდესაც დამთავრდება ომი, ჩვენი საქართველო უნდა გავაძლიეროთ და ცივილიზებული მსოფლიოს ძლიერი ნაწილი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ კულტურული ერი ვართ, ისე ვიყოთ, რომ ჩვენი ღირსეული ადგილი ყოველთვის გვქონდეს. რა გახდა ერთი შერიგება? როგორ დავუჯერო იმ ადამიანებს, უკრაინაზე ან რუსეთზე უფრო მეტს ფიქრობდეს, ვიდრე საქართველოზე. ჯერ საქართველო და მერე სხვა ქვეყნები. თუ დედა არ გიყვარს სხვის დედას როგორ შეიყვარებ? თუ მამა არ გიყვარს, სხივს მამას როგორ შეიყვარებ? ამას ვამბობ მე, სხვა რამეს არ ვამბობ”, – განაცხადა მან.