უკრაინული მედიის ცნობით, კიევში, პირველი რუსი სამხედროს სასამართლო პროცესი დაიწყო – გამოცემა UNIAN პროცესიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 21 წლის ოკუპანტმა ჯარისკაცმა, ვადიმ შიშიმარინმა 28 თებერვალს, სუმის რაიონის სოფელ ჩუპახივკასთან, უიარაღო მკვიდრი, 62 წლის მამაკაცი, გზის პირას, ველოსიპედით სეირნობისას მოკლა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 21 წლის სამხედრომ მშვიდობიან მოქალაქეს „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან თავში დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა.
როგორც მანამდე UNIAN იტყობინებოდა, 4 მაისს, რუსმა ოკუპანტმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს განუცხადა, თუ როგორ ესროლა პირადად სუმის რეგიონში მშვიდობიან მოსახლეობას.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს არის რუსი დამპყრობლების ერთ-ერთი პირველი აღიარება, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურის ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობის დროს მიიღეს. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ოფისის განცხადებით, უწყება 10,700-ზე მეტ პოტენციურ სამხედრო დანაშაულის საქმეს იძიებს, რომელშიც 600-ზე მეტი ეჭვმიტანილი მონაწილეობს, მათ შორის, რუსი ჯარისკაცები და მთავრობის წარმომადგენლები.