დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი „ შაბათის ფორმულასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ანას სხეულზე ძალადობის კვალი და მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა.
დედა დარწმუნებულია, რომ 12 წლის გოგო უბედური შემთხვევის შედეგად არ გარდაცვლილა და ის მოკლეს.
„მე ანის დედა როგორც აქამდე ვიყავი, ისე ვიქნები ახლაც. სიმართლეს გავიგებ, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ. იქ როგორ მოხვდა ის ბავშვი, რატომ მოხვდა – ძალით შეყვანილი თუ არ არის და მოკლული. ამას რად უნდა ლაპარაკი, დაზიანებებიდან და ადგილიდან გამომდინარე ის მოკლულია, ღებინება ჰქონდა და პირაღმა იწვა, ხის ქვეშ იყო შეწვენილი.
აქ 100 პროცენტიდან არც ერთი პროცენტით არ შეიძლება იმის დაშვება, რომ სხვანაირად იყო რამე… ბავშვი, რომელსაც გული ერევა, პირაღმა არ ეცემა და ხის ქვეშ ვერ შევარდებოდა თავისით ხომ, დახრილი ხეების ქვეშ, ბავშვი იყო შეწვენილი და გასწორებული.
ბავშვი მოდის თავის გზაზე, ჩვეულებრივ ასფალტზე – აქ არის დაწეული და იძულების წესით გადაყვანილი ამ მიუვალ ადგილას, შეხედეთ – რა სიმაღლე გადასასვლელია, აქ ბავშვი თავისი ფეხით სიბნელეში, ღამით არ გადავიდოდა”, – თქვა დედამ შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში.
საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება 12 წლის ბავშვის მობილური ტელეფონია, რომელიც მოზარდის ცხედრისგან მოშორებით, დამტვრეული იპოვეს.
„ეწინააღმდეგებოდა ჩემი შვილი და დაუმტვრია იმან ტელეფონი, არის აბსოლუტურად ჩამსხვრეული. ბავშვი აქ ჰყავდა დაწვენილი, ფეხები იქეთ, თავი აქეთ. აქ მანქანები ძალიან ბევრია, არავინ მოძებნიდა აქ, ყველა გაშლილ სივრცეში ეძებდა – ჩემ გარდა, მე ვიცოდი, რომ მას რაღაც ცუდი სჭირდა, ვგრძნობდი”, – საუბრობს ნატო ხუტაშვილი.
12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამარათლო-სამედიცინო წინასწარი დასკვნა მზადაა. წინასწარი დასკვნა 28 აპრილს გადაეცა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.
ამავე თემაზე:
„მკითხა, ეს თქვენი ძაღლიაო“ – რას ჰყვება ქალი, რომელმაც 12 წლის გოგონა ბოლოს ნახა